ირაკლი ლექვინაძე - ველოდებით, რომ გადაწყვეტილებები იქნება ბევრად სწრაფი, ვიდრე აქამდე
ირაკლი ლექვინაძე - ველოდებით, რომ გადაწყვეტილებები იქნება ბევრად სწრაფი, ვიდრე აქამდე

ნათია თურნავასთან, მისი ეკონომიკის მინისტრის მოადგილეობის პერიოდშიც გვქონდა აქტიური კომუნიკაცია ისევე, როგორც მინისტრთან და სხვა მოადგილეებთან, – ამის შესახებ ბიზნესომბუდსმენმა, ირაკლი ლექვინაძემ განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების ახალი მინისტრისგან მოლოდინებთან დაკავშირებულ საკითხზე დასმული კითხვის პასუხად.

მისი თქმით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო და მასში შემავალი უწყებები ბიზნესომბუდსმენის აპარატში შესული საკითხების კუთხით მეორე პოზიციაზეა.

„ყველაზე მრავალრიცხოვანი საკითხები სწორედ ამ კუთხით შემოდის, რომელიც უკავშირდება მაგალითად საინვესტიციო ვალდებულებების კორექტირებას, რიგი ბიუროკრატიული პროცედურების გადაწყვეტას, ქონების რეალიზაციასთან, ყიდვასთან თუ იჯარით აღებასთან დაკავშირებულ საკითხებს. ვფიქრობ, დრო, რომელიც სჭირდება გარკვეული გადაწყვეტილებების მიღებას, ნამდვილად დასაჩქარებელია“, – განაცხადა ლექვინაძემ.

მისი თქმით, ბიზნესომბუდსმენის აპარატი მასთან შესულ საკითხებზე მაქსიმალურად უზრუნველყოფს სამინისტროს ინფორმირებას.

„ველოდებით, რომ გადაწყვეტილებები იქნება ბევრად უფრო სწრაფი, ვიდრე შეიძლება ყოფილიყო აქამდე“, – განაცხადა ირაკლი ლექვინაძემ.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრად ნათია თურნავა რამდენიმე კვირის წინ დაინიშნა, მას შემდეგ, რაც აღნიშნული თანამდებობა გიორგი ქობულიამ დატოვა. თურნავა მანამდე მინისტრის მოადგილე იყო.