ირაკლი ლექვინაძე - საფინანსო ინსტიტუტებთან და ინვესტორებთან მრავალჯერ უნდა გაესვას ხაზი ანაკლიის პორტის პროექტის მნიშვნელობას
მთავრობას დეკლარირებული და ბიუჯეტში გათვალისწინებული აქვს ვალდებულებები, რომლებიც სახელმწიფოს მხრიდან ანაკლიის პორტის პროექტის განხორციელებისთვის არის საჭირო. ეს ნაბიჯები არ უნდა გაჩერდეს, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან და ინვესტორებთან მრავალჯერ უნდა გაესვას ხაზი ამ პროექტის მნიშვნელობას ქვეყნისთვის. ამ მიმართულებით აუცილებელია კომუნიკაციის მაღალი ხარისხი, – განაცხადა საქართველოს ბიზნესომბუდსმენმა, ირაკლი ლექვინაძემ ანაკლიის პორტის პროექტის შესახებ მამუკა ხაზარაძის განცხადებაზე საუბრისას.
ირაკლი ლექვინაძის თქმით, ასეთ საქმეებს ინვესტორები განსაკუთრებული ყურადღებით აკვირდებიან და ამიტომ არის აუცილებელი, მათ არ ჰქონდეთ სანდო ინფორმაციის დეფიციტი.
„მამუკა ხაზარაძემ საჯარო განცხადებაში კითხვის ნიშნები დასვა ანაკლიის პორტის პროექტის სამომავლო განვითარებასთან დაკავშირებით. ეს ძალიან ყურადსაღებია. ვფიქრობ, მთავრობამ ყველაფერი უნდა გააკეთოს, რომ პროექტზე ინვესტორებშეის განწყობებს საფრთხე არ შეექმნას“, – განაცხადა ირაკლი ლექვინაძემ.
ინფორმაციას საქართველოს ბიზნესომბუდსმენის პრესსამსახური ავრცელებს.