ირაკლი ლექვინაძე - საერთაშორისო კონფერენცია აძლიერებს საქართველოში კონკურენციისა და მომხმარებელთა დაცვის პოლიტიკის ეფექტიანობას
კონკურენციის პოლიტიკის აღსრულების და მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ დღეს საერთაშორისო კონფერენციის გახსნითი ღონისძიება გაიმართა. კონფერენცია კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს, ეროვნული ბანკის, სემეკ-ის, დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის და კომუნიკაციების კომისიის ერთობლივი ორგანიზებით თბილისში უკვე მესამედ იმართება. კონფერენციის ფარგლებში საქართველო სხვადასხვა ქვეყნის 15-მდე დელეგაციას მასპინძლობს.
III საერთაშორისო კონფერენცია გახსნა და მონაწილეებს სიტყვით მიმართა საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს (GCCA) თავმჯდომარემ, ირაკლი ლექვინაძემ.
„საქართველოში 2020-2023 წლებში განხორციელდა კონკურენციის კანონმდებლობის გაუმჯობესება, ანტიდემპინგური და მომხმარებელთა უფლებების დაცვის აღსრულების დამატება. შედეგებს ადასტურებს საზოგადოების მხრიდან გამოცხადებული ნდობის ხარისხის მზარდი მაჩვენებელი და სხვადასხვა ბაზარზე გაუმჯობესებული კონკურენტული გარემო. 2024 წელს, ევროკომისიის გაფართოების ანგარიშის მიხედვით, სააგენტომ კანონის აღსრულების მექანიზმები საგრძნობლად გააძლიერა. ევროკავშირის დაძმობილების პროექტის ექსპერტების შეფასებით, ბოლო ორ წელიწადში კონკურენციის კანონმდებლობის შესაბამისობა ევროპულ კანონმდებლობასთან – 60%-დან 75%-მდე, მომხმარებლების უფლებების დაცვის კანონმდებლობის შესაბამისობა კი 70%-დან 85%-მდე გაიზარდა.
საქართველოში ეკონომიკა და ბიზნესი დინამიკურად ვითარდება, მიმდინარეობს პროცესების გაციფრულება და ჩვენი უწყების მიზანია, ამ გამოწვევებს სათანადოდ ვუპასუხოთ. ჩვენი პრიორიტეტებია, შესაბამის ბაზრებზე უზრუნველყოფილი იყოს სამართლიანი გარემო და ფასები, კიდევ უფრო განვამტკიცოთ ნდობა ჩვენი უწყების მიმართ, მაქსიმალურად უზრუნველვყოთ საზოგადოების ინფორმირება და ცნობიერების ამაღლება, რომ მოხდეს პოტენციური დარღვევების პრევენცია. უზრუნველყოთ საკანონმდებლო/მარეგულირებელი ჩარჩოს სრულყოფა, კონკურენციის და მომხმარებელთა უფლებების დაცვის მიმართულებით შევქმნათ საუკეთესო პრაქტიკა“, – განაცხადა GCCA-ს თავმჯდომარემ, ირაკლი ლექვინაძემ სიტყვით გამოსვლისას.
მისი განცხადებით, საერთაშორისო კონფერენცია, ხუთი მარეგულირებელი უწყების ინიციატივით, 2021 წელს დაფუძნდა და უკვე მესამე ღონისძიება იმართება.
„ვფიქრობ, აღნიშნული პლატფორმა მნიშვნელოვან როლს თამაშობს საქართველოში კონკურენციის და მომხმარებელთა უფლებების ძლიერი და ეფექტური პოლიტიკის ჩამოყალიბების კუთხით. მოხარული ვართ, რომ მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქთან ერთად თბილისიც არის იმ ჩამონათვალში, სადაც ყოველწლიურად კონკურენციისა და მომხმარებელთა უფლებების საკითხებზე გაფართოებული მსჯელობა იმართება“, – განაცხადა ლექვინაძემ.
ღონისძიება გახსნა და მონაწილეებს სიტყვით მიმართა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, მიხეილ სარჯველაძემ. სიტყვებით გამოვიდნენ: საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე დავით სონღულაშვილი; საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილი; საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე; გერმანიის კონკურენციის ფედერალური სამსახურის პრეზიდენტი, საერთაშორისო კონკურენციის ქსელის (ICN) მმართველი ჯგუფის თავმჯდომარე ანდრეას მუნდტი.
ანდრეას მუნდტის განცხადებით, მესამე საერთაშორისო კონფერენცია არის მნიშვნელოვანი პლატფორმა, სადაც კონკურენციის და მომხმარებლის დაცვის ექსპერტები მთელი მსოფლიოდან იკრიბებიან, უზიარებენ ერთმანეთს დარგობრივ ცოდნას და გამოცდილებას.
„Bundeskartellamt-ს და საქართველოს კონკურენციის და მომხმარებლის სააგენტოს დიდი ხნის ურთიერთობა აკავშირებთ. ძალიან სასიამოვნოა იმის დანახვა, თუ რა ტემპებით ვითარდება სააგენტო 2014 წლიდან და რამდენად წარმატებულია თავის საქმიანობაში“, – აღნიშნა ანდრეას მუნდტიმ.
20-22 ნოემბერს, კონფერენციის ფარგლებში, ადგილობრივი და საერთაშორისო ექსპერტების მონაწილეობით, დაგეგმილია ექვსი სამუშაო სესია და ორი პანელური დისკუსია. ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების (ICN, UNCTAD, OECD, The EU DG COMP, The EU DG JUSTICE), სხვადასხვა ქვეყნის უწყების წარმომადგენლებთან ერთად განხილული იქნება კონკურენციისა და მომხმარებლის უფლებების დაცვის მიმართულებით განხორციელებული აქტივობები, გამოწვევები, საერთაშორისო და ადგილობრივ დონეზე მიღებული შედეგები და პრაქტიკა.
კონფერენციაში მონაწილეობას 50-ზე მეტი საერთაშორისო და ადგილობრივი სპიკერი და 300-ზე მეტი დელეგატი იღებს.
ინფორმაციას კონკურენციის სააგენტოს პრესსამსახური ავრცელებს.