ირაკლი ლექვინაძე - პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შემცირების ერთ-ერთი მიზეზი შეიძლება სწორედ რეგულაციები იყოს
საქართველოში შემოსული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ნაკადის მეორე კვარტალში თითქმის 54 პროცენტიანი კლების ერთ-ერთი მიზეზი შესაძლოა, ბიზნესზე დაკისრებული ახალი რეგულაციები იყოს,- ამის შესახებ საქართველოს ბიზნესომბუდსმენმა ირაკლი ლექვინაძემ დღეს საქართველოს პირველი არხის გადაცემა „ბიზნესპარტნიორში“ სტუმრობისას განაცხადა.
გადაცემაში ბიზნესგარემოს გაჯანსაღებისა და ბიზნესომბუდსმენის ინსტიტუტის გაძლიერების მნიშვნელობა და პერსპექტივები განიხილეს. ორივე საკითხი ახალმა მთავრობამ საკუთარი პროგრამის ერთ-ერთ პრიორიტეტად აღიარა და მათ მთელი თავი მიუძღვნა. ახალი მთავრობა პარლამენტმა გასულ უქმეებზე დაამტკიცა.
გადაცემაში აღინიშნა, რომ ბოლო წელიწადნახევრის განმავლობაში ბიზნესს ახალი რეგულაციების საკმაოდ დიდი რაოდენობა დაუწესდა, რასაც გარკვეული უკუშედეგი მოჰყვა. ლექვინაძე ვარაუდობს, რომ მიმდინარე წლის მეორე კვარტალში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ნაკადის მკვეთრი კლების ერთ-ერთი მიზეზი, შეიძლება სწორედ რეგულაციები იყოს.
„მეორე კვარტალში ინვესტიციების დახლოებით 54 პროცენტიანი კლება გვქონდა და წლების მანძილზე საქართველოს ეკონომიკის წამყვანმა დარგებმა როგორიცაა, ენერგეტიკა, მშენებლობა, ტრანსპორტი და კავშირგაბმულობა ე.წ. საინვესტიციო ძრავები, გარკვეულწილად ზრდის ტემპი შეანელეს. მე მაინც რამდენიმე ფაქტორს აღვნიშნავდი, რამაც ჩვენი დაკვირვებით, ინვესტიციების კლებაზე გავლენა მოახდინა. აღნიშნული იყო გარკვეული ობიექტური ფაქტორები, თუნდაც გარკვეული პროექტების დასრულება ან ოპერაციები, რამაც ვალდებულებების გასტუმრება გამოიწვია. თუმცა მე ვფიქრობ, რომ ამისი ერთ-ერთი მიზეზი შეიძლება სწორედ რეგულაციები იყოს, რომელიც ბიზნესის გარკვეულ სექტორებს ამძიმებს“, – განაცხადა ლექვინაძემ.
ბიზნესომბუდსმენმა აღნიშნა, რომ ერთის მხრივ საქართველო რჩება ქვეყნად, რომელიც, როგორც არაერთი საერთაშორისო მაღალი რეპუტაციის მქონე კვლევა ადასტურებს, საგადასახადო ტვირთის და ტრანზაქციული დანახარჯების სიმცირით, რომელიც მოიცავს, ბიუროკრატიულ, ლოჯოსტიკურ ხარჯებს – ერთ-ერთი ლიდერია. მეორე მხრივ კი, ახალი რეგულაციები ბიზნესს გარკვეულ ტვირთად აწვება.
„ერთის მხრივ საქართველო საგადასახადო ტვირთის და ტრანზაქციული დანახარჯების სიმცირით, რომელიც მოიცავს, ბიუროკრატიულ, ლოჯოსტიკურ ხარჯებს – ერთ-ერთი მიმზიდველი ქვეყანაა , ამას მოწმობს ფრეიზიერი ინსტიტუტის თუ ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის შეფასებები. თუმცა გარკვეული რეგულაციების ხარჯით, რომელიც ბოლო პერიოდში საკმაოდ ბევრია და ყველა რეგულაცია გარკვეულ ხარჯთან არის დაკავშირებული, ბუნებრივია ეს ტვირთი ბიზნესის აქტივობაზე გარკვეულ გავლენას ახდენს“, – განმარტა ლექვინაძემ.
მისი აზრით, ინვესტიციების კლებაზე გავლენა ივნისში განვითარებულმა პოლიტიკურმა პროცესმაც მოახდინა, რაც დიდი ალბათობით, მესამე კვარტალზეც აისახება. საერთო ჯამში კი, ინვესტიციების კლება ლარის კურსზე აისახება უარყოფითად.
„არ შეიძლება არ ვთქვათ იმ გარკვეული პოლიტიკური პროცესის გავლენაზე, რასაც ივნისში ჰქონდა ადგილი. მოლოდინის ნაწილი გარკვეულწილად ამ კონტექსტშიც შეიძლება ასახულიყო. თუმცა მოლოდინების კუთხით გავლენა შეიძლება მესამე კვარტალზეც აისახოს. ბუნებრივია, ჯამურად, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შემცირების ეს ნაწილი გავლენას ლარის კურსზეც ახდენს, რაც დღეს ბიზნესისათვის ასევე ერთ-ერთი გამოწვევაა. ამიტომ ჩვენ ძალიან ბევრი მიმართულებით დიდი ძალისხმევა გვჭირდება, რომ ინვესტორებთან ურთიერთობაში გარღვევა მოხდეს“, – განაცხადა ბიზნესომბუდსმენმა.