ირაკლი ლექვინაძე - მნიშვნელოვანია, მომხმარებელმა იცოდეს თავისი უფლებები და ვის მიმართოს პრეტენზიის შემთხვევაში
15 მარტი მსოფლიოს კალენდარში მომხმარებელთა უფლებების დაცვის საერთაშორისო დღედ აღინიშნება, რომლის ფარგლებშიც კონკურენციის ეროვნული სააგენტოს, სემეკ-ის, დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის, კომუნიკაციების კომისიის, ეროვნული ბანკის და სურსათის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებით, საქართველოში მომხმარებლის უფლებების დაცვის პირველი საერთაშორისო კვირეულის გახსნითი ღონისძიება გაიმართა.
შეხვედრის ფარგლებში, მარეგულირებელმა უწყებებმა სექტორულად – მომხმარებლის უფლებების დაცვის მიმართულებით განხორციელებული რეფორმები, მიღებული შედეგები და აღსრულების მექანიზმები განიხილეს. საქართველოში მომხმარებელთა უფლებების დაცვას საკუთარ სექტორებში სხვადასხვა მარეგულირებელი უწყება ახორციელებს: საბანკო საფინანსო სექტორში – საქართველოს ეროვნული ბანკი, ენერგეტიკის სექტორში – სემეკ-ი, კომუნიკაციების სექტორში – კომუნიკაციების მარეგულირებელი ეროვნული კომისია, დაზღვევის სექტორში – დაზღვევის ზედამხედველობის სახელმწიფო სამსახური. ყველა სხვა სექტორში მომხმარებლების უფლებების დაცვას კონკურენციის ეროვნული სააგენტო ახორციელებს.
„2022 წელს, საქართველოს პარლამენტმა „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონი მიიღო, რომლის აღმასრულებელ უწყებადაც კონკურენციის სააგენტო განისაზღვრა. პირველი ნოემბრიდან ჩვენ განაცხადების მიღება და განხილვა დავიწყეთ. დღეის მდგომარეობით, სააგენტოში 180-მდე განაცხადია შემოსული, ხოლო საქმის შესწავლა 90 საკითხზე დაწყებული გვაქვს. ამ დროის მონაკვეთში მომხმარებლის სასარგებლოდ გაფორმდა 23 პირობითი ვალდებულების აღების შესახებ შეთანხმება, რაც ნიშნავს, რომ მოვაჭრეებმა აიღეს ვალდებულება, საქმიანობის შიდა პოლიტიკა შეცვალონ და იმ მომხმარებელთა უფლებები აღადგინონ, რომელთაც, სავარაუდოდ, მათი სავაჭრო პოლიტიკის შედეგად ზიანი მიადგათ. კომპანიების მიერ აღებული ვალდებულებების შესრულების პროცესს ჩვენ აქტიურად ვაკვირდებით და უნდა აღინიშნოს, რომ სამ საქმესთან დაკავშირებით საკითხი სრულად ამოწურულია.
ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მომხმარებელს ინფორმირებული არჩევანის შესაძლებლობა ჰქონდეს, იცოდეს, რა არის მისი უფლება, როგორ დაიცვას და, საჭიროების შემთხვევაში, ვის მიმართოს. სწორედ ამ მიზნით, დღეს, 15 მარტს, მომხმარებლის უფლებების დაცვის საერთაშორისო დღეს, ექვსი მარეგულირებელი უწყების ორგანიზებით, საქართველოში მომხმარებლის უფლებების დაცვის საერთაშორისო კვირეულს ვმართავთ და ერთობლივ ფორმატში მიღებულ შედეგებს და სექტორში არსებულ გამოწვევებს განვიხილავთ. კანონმდებლობა მაქსიმალურად დაბალანსებულია და უზრუნველყოფს როგორც მომხმარებლის დაცულობის მაღალ სტანდარტს, ასევე ბიზნესინტერესებს. კანონმდებლობა საუკეთესო ევროპული პრაქტიკის გათვალისწინებით იქნა მიღებული,“ – განაცხადა კვირეულის გახსნით ღონისძიებაზე საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ, ირაკლი ლექვინაძემ და მოწვეულ სტუმრებს მომხმარებლის დაცვის საერთაშორისო დღე მიულოცა.
კვირეულის დახურვის ღონისძიება 17 მარტს ქალაქ ბათუმში გაიმართება, სადაც მარეგულირებელი უწყებები ადგილობრივ ბიზნესსექტორს და მომხმარებლებს შეხვდებიან.