ირაკლი ლექვინაძე - კონკურენციის სააგენტოსთვის მიწოდებული ინფორმაციის კონფიდენციალურობა საკანონმდებლო დონეზე და მაღალი სტანდარტით არის უზრუნველყოფილი
საქართველოს კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარის ირაკლი ლექვინაძის განცხადებით, კონკურენციის სააგენტო დიდ მნიშვნელობას ანიჭებს კონფიდენციალური ინფორმაციის დაცვას.
მისივე თქმით, სააგენტოსთვის მიწოდებული ინფორმაციის კონფიდენციალურობა საკანონმდებლო დონეზე და მაღალი სტანდარტით არის უზრუნველყოფილი.
„ეროვნული კანონმდებლობის მოთხოვნების გათვალისწინებით და პროცედურული სამართლიანობის წესების უზრუნველსაყოფად, კონკურენციის სააგენტო დიდ მნიშვნელობას ანიჭებს კონფიდენციალური ინფორმაციის დაცვას. საქართველოს კონკურენციის სააგენტო, მუშაობის სპეციფიკიდან გამომდინარე, ყოველდღიურ რეჟიმში ეცნობა და ამუშავებს კომერციულად სენსიტიურ ინფორმაციას. კონკურენციის-სამართლებრივი წარმოება წარმოადგენს პროცესს, სადაც ხორციელდება ბაზრის სტრუქტურის დეტალური ანალიზი, ეკონომიკური აგენტების წილების განსაზღვრა, მათი დანახარჯების იდენტიფიცირება და ა.შ. ასევე, გასათვალისწინებელია, ეკონომიკურ აგენტებს შორის ინფორმაციის გაცვლის ფორმატები, რომელიც სამართლებრივად რისკის მატარებელია.
მხარეებისგან, დაინტერესებული პირებისგან, მომართვის თუ შეხვედრების დროს ხშირად ისმება შეკითხვები აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით. უნდა ითქვას, რომ კონკურენციის სააგენტოსთვის მიწოდებული ინფორმაციის კონფიდენციალურობა საკანონმდებლო დონეზე და მაღალი სტანდარტით არის უზრუნველყოფილი. კონფიდენციალური პოლიტიკის დაცვა, კონკურენციის-სამართლებრივ წარმოებაში, ყველა მხარისათვის მნიშვნელოვანია და მომზადებული გზამკვლევი დოკუმენტის მიზანია, ნებისმიერ დაინტერესებულ პირს, კონკურენციის-სამართლებრივ წარმოებაში კონფიდენციალური ინფორმაციის დაცვასთან დაკავშირებით, დეტალური ინფორმაცია მიეწოდოს“, – განაცხადა ირაკლი ლექვინაძემ.
ამასთან, როგორც ლექვინაძე აცხადებს, კონკურენციის სააგენტოს მიერ, საქმის მოკვლევის განხორციელების პროცესში, მიღებული გადაწყვეტილებები ნაწილი საჯაროა.
„დოკუმენტში დეტალურად არის წარმოდგენილი კონფიდენციალური ინფორმაციის თითოეული ფორმატი, კომერციული საიდუმლოება და ინფორმაციის კომერციულ საიდუმლოებად მიჩნევის პროცედურა; პერსონალური მონაცემები, პროფესიული საიდუმლოება, სახელმწიფო საიდუმლოება და საგადასახადო საიდუმლოება.
ასევე, საიდუმლო ინფორმაციის და მხარეთა ინტერესების დაცვის მეთოდი კონკურენციის-სამართლებრივი წარმოების პროცესში; საიდუმლო ინფორმაციის სხვა სახეები, რომელთა დაცვაც სავალდებულოა კონკურენციის-სამართლებრივ წარმოებაში. კონკურენციის სააგენტოს მიერ, საქმის მოკვლევის განხორციელების პროცესში, მიღებული გადაწყვეტილებები საჯაროა, გარდა „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლით განსაზღვრული კონფიდენციალური ინფორმაციისა და 10 სამუშაო დღის ვადაში უწყების ოფიციალურ ვებ-გვერდზე ქვეყნდება.
„კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონი – მუხლი 20. ინფორმაციის კონფიდენციალურობის დაცვა 1. სააგენტო ვალდებულია: ა) დაიცვას ეკონომიკური აგენტის თაობაზე ინფორმაციის კონფიდენციალურობა, რომელიც შეიცავს კომერციულ ან/და საგადასახადო საიდუმლოებას; ბ) დაიცვას იმ პირის პირადი მონაცემების კონფიდენციალურობა, რომელიც არის ინფორმაციის მიმწოდებელი და სააგენტოს მიმართავს მისი პირადი მონაცემების კონფიდენციალურობის დაცვის თხოვნით; გ) უზრუნველყოს სახელმწიფო საიდუმლოების დაცვა და გაუვრცელებლობა. 2. დაუშვებელია კონფიდენციალური ინფორმაციის გაცემა და გავრცელება, გარდა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი გამონაკლისი შემთხვევებისა. 3. დაუშვებელია სააგენტოში დასაქმებულთა მიერ კონფიდენციალური ინფორმაციის გამოყენება და გავრცელება, მათ შორის, პირადი, აკადემიური,სამეცნიერო და სხვა საქმიანობის განსახორციელებლად. 4. სააგენტოში დასაქმებულთა მიერ ამ მუხლის დებულებათა დარღვევა გამოიწვევს კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით განსაზღვრულ პასუხისმგებლობას. 5. განზოგადებული ინფორმაცია შესაბამისი ბაზრის შესახებ, ასევე მონაცემები ეკონომიკური აგენტების რაოდენობის, მიღებული შემოსავლებისა და გაწეული ხარჯების თაობაზე არ შეიძლება კონფიდენციალური იყოს“, -აღნიშნა ლექვინაძემ.