ირაკლი ლექვინაძე - კონკურენციის სააგენტოს მთავარი გამოწვევა ეფექტიანი კანონმდებლობა და ნდობის მაღალი ხარისხია
ევროკავშირის მიერ საქართველოს კონკურენციის სააგენტოს მხარდაჭერის სამწლიანი პროექტი დასრულდა.
პროექტის „საქართველოს კონკურენციის სააგენტოს მხარდაჭერა“ დახურვის ღონისძიებაზე, ევროკავშირის მიერ საქართველოში კონკურენციის სფეროს სამწლიანი მხარდაჭერის შედეგები შეაჯამეს. ღონისძებაზე სიტყვით გამოვიდნენ: საქართველოს კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარე ირაკლი ლექვინაძე; ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე; საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ხვთისიაშვილი და საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის პროექტების განყოფილების უფროსი ვინსენტ რეი.
„დღეს საქართველოს კონკურენციის სააგენტოს მთავარი გამოწვევა არის ეფექტიანი, სრულყოფილი კანონმდებლობა და ეკონომიკური აგენტების მხრიდან ნდობის მაღალი ხარისხი, რომელსაც წლების განმავლობაში დაგროვებული ქეისების შედეგები განსაზღვრავს. საქართველოში კონკურენციის აღსრულების გასაუმჯობესებლად, ევროკავშირის პროექტის მიერ 100-ზე მეტი მნიშვნელოვანი აქტივობა განხორცილედა. მათ შორის, საკანონმდებლო ჩარჩოს ევროკავშირის სტანდარტებთან დაახლოების მიზნით, კონკურენციის შესახებ საქართველოს კანონში შესატანი ცვლილებების თაობაზე მომზადდა რეკომენდაციები. დღეის მდგომარეობით, აღნიშნული საკითხი უკვე პარლამენტშია ინიცირებული, რომელიც სამომავლოდ სააგენტოს ეფექტიან აღსრულებას მნიშვნელოვნად გააძლიერებს“, – განაცხადა ღონისძიების დაწყებამდე მედიასთან ირაკლი ლექვინაძემ.
ამასთან, მისი თქმით, განხილვაშია კიდევ სამი კანონპროექტი, რომლის აღსრულების ნაწილი კონკურენციის სააგენტოს ეხება.
როგორც ლექვინაძემ აღნიშნა, სამი წლის განმავლობაში, ევროკავშირის პროექტის მხარდაჭერით, სხვადასხვა სამიზნე ჯგუფისთვის, როგორც საჯარო, ასევე კერძო სექტორის წარმომადგენლებისთვისთვის, დარგობრივი მარეგულირებლებისთვის გაიმართა შეხვედრა-სემინარები და კონფერენციები.
„ჩატარდა ტრენინგები თანამშრომლებისათვის, რათა რაც შეიძლება დროულად მოხდეს საერთაშორისო, საუკეთესო პრაქტიკის შესწავლა და ქართულ რეალობაში ადაპტირება. ცნობიერების ამაღლების მიმართულებით, გამოიცა გზამკვლევი დოკუმენტაცია. მადლობა პროექტის ფარგლებში მონაწილე ყველა წევრს მხარდაჭერისთვის და თანამშრომლობისთვის. უკვე მომზადებულია მიმდინარე წლის სამოქმედი გეგმა, სადაც ძალიან ბევრი აქტივობაა განსაზღვრული და რაც ხელშემწყობი პირობა იქნება სააგენტოს სამომავლო ეფექტიანი მუშაობისთვის. გამომდინარე იქიდან, რომ კონკურენცია არის მთავარი ბაზრის განვითარებისთვის, ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური გაძლიერებისთვის, კომპეტენციის ფარგლებში, გავაკეთებთ მაქსიმუმს, ნებისმიერი გადაწყვეტილება, რომელიც ბაზრის შეფასებას შეეხება, იქნება მაღალი პასუხისმგებლობით და მაღალი სტანდარტების საფუძველზე მიღებული“, – განაცხადა ირაკლი ლექვინაძემ.
პროექტის დახურვის ცერემონიას 100-მდე სტუმარი ესწრება, მათ შორის, სფეროს ადგილობრივი და საერთაშორისო ექსპერტები, სახელმწიფო უწყებების, ბიზნესსექტორის, აკადემიური წრეებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები.