ირაკლი ლექვინაძე - კონკურენციის სააგენტო იმოქმედებს უფლებამოსილების ფარგლებში და მაქსიმალურად იქნება გამჭვირვალე მომხმარებლის ინფორმირებაში
კონკურენციის სააგენტო იმოქმედებს უფლებამოსილების ფარგლებში და მაქსიმალურად იქნება გამჭვირვალე მომხმარებლის ინფორმირებაში, – ამის შესახებ კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარე ირაკლი ლექვინაძემ განაცხადა. ლექვინაძე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრ ანა დოლიძეს პასუხობს, რომელიც კონკურენციის სააგენტოს ფარმაცევტულ ბაზარზე არსებული ფასების შესწავლას სთხოვს.
ლექვინაძის ინფორმაციით, მონიტორინგის პროცესს ვადები არ აქვს.
„მონიტორინგის პროცესი არის ბაზრის წინასწარი მოკვლევა. თუ მონიტორინგის პროცესში გამოჩნდება რაიმე საფუძვლები, რომლებიც შესაძლოა გახდეს გამოკვლევის საფუძველი, აქ უკვე არის განსაზღვრული ვადები და ეს პროცესის განხორციელების ბევრად ახალი ეტაპია.
რა თქმა უნდა, ნებისმიერი მოქალაქის ინტერესი ნებისმიერ მონიტორინგზე ემსახურება ინტერესის სფეროს. ჩვენ გვესმის, რომ ქალბატონ ანას აქვს პოლიტიკური დღის წესრიგი. სააგენტო იმოქმედებს კანონმდებლობის ჩარჩოში, იმოქმედებს თავის უფლებამოსილების ფარგლებში და მაქსიმალურად იქნება გამჭვირვალე მომხმარებლის ინფორმირებაში“, – განაცხადა ირაკლი ლექვინაძემ.
ამასთან, საქართველოს კონკურენციის სააგენტომ დღეს გაავრცელა ინფორმაცია, რომ ფარმაციის სფეროს რეგულირების ასპექტებზე, მათ შორის, მონიტორინგის შუალედურ შედეგებზე სააგენტოს თავმჯდომარე, ირაკლი ლექვინაძე შეხვედრას 10 დეკემბერს გამართავს.