ირაკლი ლექვინაძე - კონკურენციის სააგენტო ახორციელებს მოკვლევას ოთხი ფარმაცევტული კომპანიის წინააღმდეგ, პირველადი შედეგები, სავარაუდოდ, სექტემბერში გვეცოდინება
ირაკლი ლექვინაძე - კონკურენციის სააგენტო ახორციელებს მოკვლევას ოთხი ფარმაცევტული კომპანიის წინააღმდეგ, პირველადი შედეგები, სავარაუდოდ, სექტემბერში გვეცოდინება

კონკურენციის ეროვნული სააგენტო ახორციელებს ფარმაცევტულ ბაზარზე მოკვლევას ოთხი ფარმაცევტული კომპანიის წინააღმდეგ, თემა ეხება ონკოლოგიური მედიკამენტების შემთხვევაში, სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, ერთნაირი ფასწარმოქმნის ფაქტს და ეს გახდა საკმარისი საფუძველი ჩვენთვის, რომ მოკვლევა დაგვეწყო, – ამის შესახებ კონკურენციის სააგენტოს ხელმძღვანელმა, ირაკლი ლექვინაძემ განაცხადა.

როგორც ლექვინაძემ საქართველოს პირველ არხს განუცხადა, მოკვლევა დაიწყო ოთხი კომპანიის მიმართ.

„საქმის და მასალების დამუშავების პროცესში, რომელიც მოგვაწოდა ჯანდაცვის სამინისტრომ, შეიძლება, ამ მოკვლევის პროცესს დაემატოს მეხუთე კომპანიაც. ამ ეტაპზე ჩვენ ვახორციელებთ პირველადი მონაცემების დამუშავებას, ამის შემდგომ, ბუნებრივია, კომპანიებთან განვახორციელებთ კომუნიკაციას, რათა მივიღოთ ახსნა-განმარტებები ამ კონკრეტულ საკითხთან მიმართებით. მოკვლევა მიმდინარეობს სწორედ შეთანხმებული ქმედების მიმართულებით, რაც გულისხმობს ე.წ. კარტერულ გარიგებას და ამ შემთხვევაში ეს სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ზუსტად ერთნაირი ფასების შეთავაზებას გულისხმობს. წინასწარ მოკვლევის შედეგებზე საუბარი, რა თქმა უნდა, არ შეგვიძლია, თუმცა დაველოდოთ საბოლოო მოკვლევის დასრულებას, რომელიც ან დაადასტურებს, ან უარყოფს აღნიშნულ გონივრულ ეჭვს, რომლის საფუძველზეც ჩვენ დავიწყეთ მოკვლევა. პირველადი შედეგები მოკვლევის დაწყებიდან, სავარაუდოდ, ექვს თვეში, ანუ სექტემბერში გვეცოდინება“, – განაცხადა ლექვინაძემ.