ირაკლი ლექვინაძე აცხადებს, რომ ონკოლოგიური დაავადებების სამკურნალო მედიკამენტების ფასთან დაკავშირებით შესაძლო შეთანხმებულ გარიგებაზე ხუთი კომპანიის მიმართ მოკვლევა მიმდინარეობს
კონკურენციის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელის, ირაკლი ლექვინაძის ინფორმაციით, კონკურენციის ეროვნული სააგენტო ფარმაცევტულ ბაზარზე ხუთი კომპანიის მიმართ მოკვლევას აწარმოებს.
ლექვინაძის თქმით, საკითხი ეხება პროგრამაში მონაწილე ხუთი კომპანიის მხრიდან ონკოლოგიური დაავადებების სამკურნალო მედიკამენტების ფასთან დაკავშირებით შესაძლო შეთანხმებულ გარიგებას.
როგორც ირაკლი ლექვინაძემ აღნიშნა, მოკვლევა, სავარაუდოდ, წლის ბოლომდე დასრულდება.
„ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მოკვლევა, რომელსაც კონკურენციის ეროვნული სააგენტო ახორციელებს, არის ფარმაცევტულ ბაზარზე მოკვლევა. მოკვლევა ხორციელდება ხუთი კომპანიის მიმართ, რაც მიმდინარე წლის თებერვალში დავიწყეთ. საკითხი ეხება სახელმწიფო პროგრამაში მონაწილეობას, კერძოდ, ონკოლოგიური დაავადებების სამკურნალო მედიკამენტების მიწოდების დროს იდენტური ფასთწარმოქმნის საკითხის შეფასებას. მედიკამენტების მიწოდების დროს ხუთი კომპანიის მიერ პრაქტიკულად იდენტური ფასები იქნა შეთავაზებული.
მიღებული გვაქვს ინფორმაცია კომპანიებისგან, ასევე უახლოეს პერიოდში ვაპირებთ, რომ კომპანიებთან გაიმართოს ახსნა-განმარტებითი შეხვედრები, რათა გავიგოთ მათი პოზიციები და შეფასებები, რას უკავშირდებოდა აღნიშნული საკითხი. ამ შეხვედრების შემდეგ ჩვენ გადავალთ შეფასების ნაწილზე და მოკვლევის დასკვნით ნაწილს წარმოვადგენთ. ბუნებრივია, მოკვლევის დასრულების შემდეგ ინფორმაცია იქნება საჯარო. მოკვლევა მიმდინარეობს მე-7 მუხლის შესაძლო დარღვევის მიმართულებით (შესყიდვის, გაყიდვის ფასის ან სხვა სავაჭრო პირობების პირდაპირი ან არაპირდაპირი დადგენა), რაც პროგრამაში მონაწილე ხუთი კომპანიის მხრიდან შესაძლო შეთანხმებულ გარიგებას გულისხმობს.
ჩვენი მხრიდან წინასწარი შეფასება არაკორექტული იქნება, არ გვინდა, მოვლენებს გავასწროთ. პირველადი შედეგები, შუალედური შეფასებები, რომელიც საჯარო არ არის, შესაძლოა, ოქტომბრის დასაწყისში გვქონდეს, თუმცა, დიდი ალბათობით, მოკვლევა წლის ბოლომდე დასრულდება“, – განაცხადა ირაკლი ლექვინაძემ.