ირაკლი ლექვინაძე - აჭარიდან კომპანიების უმრავლესობა მშენებლობისა და ინფრასტრუქტურის სექტორიდან მოგვმართავს
2019 წლის ცხრა თვეში ბიზნესომბუდსმენის აპარატში დარეგისტრირებული საქმეების 15 პროცენტი აჭარიდანაა და კომპანიების უმრავლესობა მშენებლობისა და ინფრასტრუქტურის სექტორიდან მოგვმართავს, ასევე, აქტიურია მიკროსაფინანსო და მომსახურების სექტორი, – ამის შესახებ ბიზნესომბუდსმენმა, ირაკლი ლექვინაძემ ბათუმში, კონფერენციაზე ჟურნალისტებთან განაცხადა.
ირაკლი ლექვინაძის თქმით, ბიზნესი რეგიონებში ძირითად შემთხვევებში მოქნილ ბიუროკრატიულ პროცედურებსა და საინვესტიციო შეთავაზებებს ითხოვს.
„თბილისის შემდეგ ბიზნესი მხარდაჭერისთვის ყველაზე ხშირად აჭარიდან მოგვმართავს. უმრავლეს შემთხვევებში, საგადასახადო ადმინისტრირების და ბიუროკრატიული პროცედურების საკითხებზე მოგვმართავენ. ყველაზე ხშირად ადგილობრივ თვითმმართველობებთან შუამდგომლობას გვთხოვენ. სხვა რეგიონების მსგავსად, აჭარაშიც გამოწვევად რჩება რეგულაციები“, – განაცხადა ლექვინაძემ.
ბიზნესომბუდსმენის აპარატის ცნობით, 2019 წლის ცხრა თვეში აჭარის რეგიონში ადგილობრივი ბიზნესის წარმომადგენლებთან 98 შეხვედრა გაიმართა და ბიზნესომბუდსმენის ოფისში აჭარის ავტონომიური რესპუბლიკიდან 36 საქმე დარეგისტრირდა. აჭარის რეგიონში ბიზნესომბუდსმენის წარმომადგენელი 2018 წლის სექტემბრიდან მუშაობს.