ირაკლი კუპრაძე - დამატებითი მოთხოვნები, „მიშა, ჩამოდი“ და ასე შემდეგ, ვერ იქნება აქციის შემადგენელი ნაწილი
ირაკლი კუპრაძე - დამატებითი მოთხოვნები, „მიშა, ჩამოდი“ და ასე შემდეგ, ვერ იქნება აქციის შემადგენელი ნაწილი

რატომ დატოვა „ლელომ“ დღეს ოპოზიციის აქცია ბათუმში, ამის შესახებ პარტიის ადგილობრივ ორგანიზაციაში განმარტებები ირაკლი კუპრაძემ გააკეთა, რომელიც აქციაზე გამომსვლელთა სიაში მეორე იყო, თუმცა ტრანსპარანტების „მიშა ჩამოდი“ გამოჩენის შემდეგ, აქცია თანამოაზრეებთან ერთად დატოვა.

„ჩვენი მთავარი პრინციპია, რომ არ ვაპირებთ პარტიულ ღონისძიებებში და პარტიულ აქციებში მონაწილეობის მიღებას. ერთი პარტია ვერ იქნება ის გუნდი, რომელიც ხელის გადაგრეხვის პოლიტიკით დაგველაპარაკება ჩვენ, დამოუკიდებელ პოლიტიკურ გუნდებს. ჩვენი მიზანია, შევქმნათ ისეთი ოპოზიციური ერთობა, რომელიც არ იქნება ბელადებზე დამყარებული“, – განაცხადა ირაკლი კუპრაძემ.

მისივე თქმით, ძირითადი მოთხოვნების გარდა, სხვა, დამატებითი მოთხოვნები არ უნდა იყოს აქციის ნაწილი.

„ჩვენი ძირითადი მოთხოვნაა ახალი არჩევნების დანიშვნა, ცენტრალური საარჩევნო კომისიის გათავისუფლება ივანიშვილის მარწუხებისგან და თამარ ჟვანიას გავლენებისგან. სხვა დამატებითი მოთხოვნები, „მიშა, ჩამოდი“ და ასე შემდეგ, ვერ იქნება აქციის შემადგენელი ნაწილი“, – აღნიშნა ირაკლი კუპრაძემ.

კუპრაძე ამბობს, რომ „ლელო“ ოპოზიციური ერთიანობის ერთგული რჩება და ყველა აქტივობაში მიიღებს მონაწილეობას, რაც ოპოზიციის მთავარი მიზნების მიღწევას ემსახურება.

„ლელო საქართველოსთვის“ გუნდი აფიქსირებს ცალსახა პოზიციას, რომ „ლელო“ დგას ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ ბრძოლის ავანგარდში. ორი ძირითადი მოთხოვნა, რომელიც ეხება ახალი არჩევნების დანიშვნას და ცენტრალური საარჩევნო კომისიის გათავისუფლებას ივანიშვილის მარწუხებისგან და ჟვანიას გავლენებისგან, ჩვენ ამ ბრძოლაში ვიქნებით უპრეცედენტოდ პრინციპულები და ცალსახად გავაგრძელებთ ბრძოლას ოპოზიციურ ერთობასთან ერთად. თუმცა, ყველაფრის მიუხედავად, ჩვენ ვხედავთ, რომ რიგი გუნდები არღვევენ ოპოზიციური ფორმატის შეთანხმებებს. ამ ოპოზიციური შეთანხმების დარღვევა არის მიუღებელი, რომელიც ეწინააღმდეგება მთავარ მიზანს და მიზანი არის ახალი არჩევნები, ცესკო-ს გათავისუფლება და ივანიშვილის სახლში გაშვება“, – განაცხადა ირაკლი კუპრაძემ.