ირაკლი კოვზანაძემ და პაველ ჰერჩინსკიმ საქართველოსა და ევროკავშირს შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების საკითხზე ისაუბრეს
საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძე საქართველოში ევროკავშირის ელჩს, პაველ ჰერჩინსკის შეხვდა. შეხვედრაში ასევე მონაწილეობდა საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე პაატა კვიჟინაძე.
საქართველოს პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, ირაკლი კოვზანაძემ ელჩს კომიტეტის ფუნქციები და მიმდინარე წლის გეგმები გააცნო. საუბარი შეეხო 2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პრიორიტეტებს, ქვეყნის მაკროეკონომიკურ პარამეტრებს, მონეტარულ სტაბილურობას, საფინანსო-საბანკო სისტემის მდგრადობას. როგორც ირაკლი კოვზანაძემ აღნიშნა, ბოლო ორი წელია, ქვეყანას ორნიშნა ეკონომიკური ზრდა აქვს.
„ვფიქრობ, რომ 2023 წელი საქართველოს ეკონომიკისთვის შემდგომი ზრდის წელი იქნება“, – განაცხადა კომიტეტის თავმჯდომარემ.
შეხვედრაზე ხაზი გაესვა საქართველოსა და ევროკავშირს შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობებისა და საინვესტიციო შესაძლებლობების კიდევ უფრო გაფართოების მნიშვნელობასა და პერსპექტივებს.
ირაკლი კოვზანაძემ ევროკავშირის მიერ დაფინანსებული საჯარო სამსახურების დაძმობილების პროექტზეც ისაუბრა, რომელიც კომიტეტმა გასულ წელს დაიწყო. აღინიშნა, რომ TWINNING-ის ორწლიანი პროექტი გააძლიერებს საპარლამენტო ზედამხედველობას საჯარო ფინანსებზე და ამ კუთხით, ევროპული მრავალწლიანი გამოცდილება მნიშვნელოვანია.