ირაკლი კოვზანაძე - ვენდობი ეროვნულ ბანკს და არც მაქვს საფუძველი, არ ვენდობოდე
ვენდობი საქართველოს ეროვნულ ბანკს და არც მაქვს საფუძველი, არ ვენდობოდე, – ამის შესახებ პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი კოვზანაძემ პირველი არხის გადაცემაში “თავისუფალი ხედვა“ განაცხადა.
„მე ვაკეთებ საპარლამენტო ზედამხედველობას ეროვნულ ბანკზე. ეროვნულმა ბანკმა გააკეთა განცხადება და თავიანთ დასკვნაში ისინი ამბობენ ერთ რამეს, რომ იქ არის ინტერესთა კონფლიქტი და აქედან გამომდინარე, მიიღო ის გადაწყვეტილებები, რაც მიიღო“, – განაცხადა კოვზანაძემ.
ამ განცხადებით ირაკლი კოვზანაძემ გადაცემის ერთ-ერთი წამყვანის შეკითხვას უპასუხა, რა დასკვნა გამოიტანა მან პარლამენტში „თიბისი ბანკთან” დაკავშირებით გამართული დისკუსიების შემდეგ და ხედავს თუ არა ის დარღვევებს 2007-2008 წლის ტრანზაქციასთან დაკავშირებით.
მისი თქმით, „თიბისი ბანკის” აქციონერთა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ „თიბისი ბანკსა” და ეროვნულ ბანკს შორის სამართლებრივი დავა შეწყვეტილიყო და ასევე მიღებულია გადაწყვეტილება, ჯარიმა გადაიხადონ.
„ამას მოჰყვა ასევე ეროვნული ბანკისა და „თიბისი ბანკის” ერთობლივი განცხადება, სადაც გამოყოფილია ეროვნული ბანკისა და „თიბისი ბანკის” მხარე. ეროვნული ბანკი აღიარებს „თიბისი ბანკის” კაპიტალიზაციის მაღალ დონეს, ლიკვიდურ აქტივებს და ა.შ. ასევე, „თიბისი ბანკმა” უნდა გააძლიეროს ჯანსაღი კორპორატიული მართვა, სამეთვალყურეო საბჭოში დამატებით შეიყვანოს დამოუკიდებელი დირექტორები, უნდა გადაიხადოს ჯარიმა და სხვა. ამავე დროს, ეროვნული ბანკის მხრიდან აღიარებულია „თიბისი ბანკის” უამრავი პლუსი. ჩემთვის ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, რადგან „თიბისი ბანკი” ჩვენი საფინანსო სისტემისთვის უმნიშვნელოვანესი კომპონენტია. ეროვნული ბანკისა და „თიბისი ბანკის” ერთობლივი განცხადება ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო და ეს იმას ნიშნავდა, რომ მათ ერთად უნდა იმუშაონ“, – განაცხადა კოვზანაძემ.
შეკითხვაზე, ამოიწურება თუ არა ეს საკითხი „თიბისი ბანკის” მიერ ჯარიმის გადახდის შემთხვევაში, ირაკლი კოვზანაძემ განაცხადა, რომ მისი წარმოდგენით, ეროვნულ ბანკსა და თიბისი ბანკს შორის პრობლემა დახურულია.
ანალიტიკოს მათე გაბიცინაშვილის შეკითხვაზე, რატომ სწავლობს ეროვნული ბანკი კონკრეტულ ტრანზაქციას და რაში იკვეთება ფულის გათეთრება, ირაკლი კოვზანაძემ აღნიშნა, რომ ეროვნული ბანკი სწავლობს იმ ტრანზაქციას, რომელზეც ფინანსური მონიტორინგის სამსახურიდან მიიღო ინფორმაცია და მის მიერ გაკეთებულ განმარტებებში ინტერესთა კონფლიქტის გარდა, სხვა რამეზე საუბარი არ არის, ხოლო ფულის გათეთრებას რაც შეეხება, ეს ნაწილი პროკურატურასთან დაკავშირებით არის და პროკურატურა ცალკე მუშაობს.
„მე ზედამხედველობას ვაკეთებ ეროვნულ ბანკზე და ვკითხულობ მის დოკუმენტებს, ვკითხულობ იმ ერთობლივ წერილს და განმარტებებს, რასაც ეროვნული ბანკი აკეთებს. პროკურატურა ცალკე უწყებაა, მე მის უფლებებში ვერ ვერევი, არ ვერევი და ეს არის ცალკე თემა, რომელზეც შეიძლება, კითხვები არსებობდეს, მაგრამ ეს საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის კომპეტენციის მიღმაა. ეს არის ცალკე საკითხი, რომელზეც, სიმართლე გითხრათ, მაქვს ის ინფორმაცია, რასაც პროკურატურა პრესკონფერენციებზე აცხადებს“, – განაცხადა კოვზანაძემ.
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ ასევე განაცხადა, რომ „თიბისი ბანკის” განვითარება ძალიან მნიშვნელოვანია და ნებისმიერი აჟიოტაჟი, მათ შორის, პოლიტიკური, „თიბისი ბანკის” განვითარებას არ ემსახურება.