ირაკლი კოვზანაძე - ტურისტული შემოსავლები შემცირდა არა მხოლოდ რუსეთიდან, არამედ პოსტსაბჭოთა სივრციდან, ეს გავლენას ახდენს ლარის კურსზეც
პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი კოვზანაძის განცხადებით, ტურისტული შემოსავლები შემცირდა არა მხოლოდ რუსეთიდან, არამედ მთელი პოსტსაბჭოთა სივრციდან, რაც სავაჭრო დეფიციტის ზრდას იწვევს და ეს გავლენას ლარის კურსზეც ახდენს.
როგორც ჟურნალისტებს კოვზანაძემ განუცხადა, საგარეო შოკის ზომასთან შედარებით, ლარის გაცვლითი კურსი ზედმეტად გაუფასურებულია.
„საჭიროდ მიმაჩნია, რომ ინტერვეციები განხორციელდეს, რასაც ცენტრალური ბანკი დღეს აპირებს. ცენტრალური ბანკის პირველი ჩარევა საჭირო ეფექტს გამოიწვევს, ხოლო თუ ეს საკმარისი არ იქნება, ეროვნულ ბანკს მთელი რიგი ინსტრუმენტები აქვს, რომელიც გამოყენებული იქნება მდგომარეობის შესაბამისად. საჭიროა საზოგადოებისთვის იმის ახსნა, რომ ლარი ზედმეტად გაუფასურებულია. საჭიროა ინტერვენციები და სხვა ინსტრუმენტების ჩართვა, რომ ფინანსურ სექტორში სტაბილურობა შევინარჩუნოთ. გუშინდელმა განცხადებამ უკვე ეფექტი გამოიღო და დარწმუნებული ვარ, ჩარევას ეფექტი ექნება“, – ამბობს დეპუტატი.
კოვზანაძე აცხადებს, რომ პოლიტიკური სტაბილურობა უმნიშვნელოვანესი ფაქტორია ეკონომიკური სტაბილურობისთვის.
„20 ივნისის შემდეგ მკვეთრად შეგვიმცირდა ტურისტული ნაკადი, გვაქვს ემბარგო. ტურისტული შემოსავლები შეგვიმცირდა არა მხოლოდ რუსეთიდან, არამედ მთელი პოსტსაბჭოთა სივრციდან, რომელიც თავისთავად სავაჭრო დეფიციტის ზრდას იწვევს, რაც გავლენას ლარის კურსზე ახდენს“, – განაცხადა კოვზანაძემ.