ირაკლი კოვზანაძე - თუ დაკრედიტების მხრივ მნიშვნელოვანი შემცირება გამოიკვეთა, ეროვნულ ბანკს აქვს შესაძლებლობა, რეგულაციებს გადახედოს  
ირაკლი კოვზანაძე - თუ დაკრედიტების მხრივ მნიშვნელოვანი შემცირება გამოიკვეთა, ეროვნულ ბანკს აქვს შესაძლებლობა, რეგულაციებს გადახედოს  

ახალი საბანკო რეგულაციების ამოქმედებიდან ჯერ დასკვნების გასაკეთებლად საკმარისი დრო არ გასულა,  – ამის შესახებ პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძემ ჟურნალისტებს კითხვის პასუხად განუცხადა, რომელიც საბანკო რეგულაციების ამოქმედების შემდეგ გაყიდვების შემცირებას ეხებოდა, მათ შორის უძრავი ქონების.

კოვზანაძე განმარტავს, რომ შესაბამისი დასკვნების გამოსატანად სიახლის მოქმედებიდან სულ მცირე, ექვსი თვე, ორი კვარტალი მაინც უნდა გავიდეს.

ამასთან, დეპუტატი დარწმუნებულია, რომ ეროვნული ბანკი შედეგების შეფასების შემდეგ, საჭიროების შემთხვევაში, მოქნილ გადაწყვეტილებას მიიღებს.

„მიმაჩნია, რომ ცენტრალურ ბანკს, მას შემდეგ, რაც ექნება ორი, თუნდაც ერთი კვარტლის მონაცემები და თუ საცალო მიმართულებით დაკრედიტების მხრივ მნიშვნელოვანი შემცირება გამოიკვეთება, აქვს შესაძლებლობა, გადახედოს რეგულაციებს და ამ მიმართულებით მოქნილი გადაწყვეტილებები მიიღოს“, – განაცხადა ირაკლი კოვზანაძემ.

ამასთან, დეპუტატის თქმით, არსებული ინფორმაციით, იპოთეკური დაკრედიტების მხრივ შემცირებას ჰქონდა ადგილი და მსგავსი მოლოდინი გარკვეულწილად არსებობდა კიდეც.

„აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, ეროვნული ბანკი, როგორც კი ხელთ ექნება ადეკვატური ინფორმაცია, გარკვეულ გადაწყვეტილებებს მიიღებს“, – განაცხადა ირაკლი კოვზანაძემ.