ირაკლი კოვზანაძე - სავალუტო ფონდის პოზიტიური დასკვნა მნიშვნელოვანი გზავნილია პოტენციური ინვესტორებისთვის
სავალუტო ფონდის დადებითი დასკვნა, ქვეყნის ეკონომიკურ მაჩვენებლებთან დაკავშირებით, პოზიტიური გზავნილია პოტენციური ინვესტორებისთვის, – ასე გამოეხმაურა პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძე საერთაშორისო სავალუტო ფონდის მორიგი მისიის შეფასებას, რომლის მიხედვით, საქართველოს ეკონომიკის ზრდა კვლავაც მყარია.
ირაკლი კოვზანაძის თქმით, მაღალი ეკონომიკური აქტივობა რამდენიმე მიზეზმა განაპირობა, რაზეც სავალუტო ფონდი თავის დასკვნაშიც მიუთითებს. მათ შორის ექსპორტისა და ფულადი გზავნილების ზრდის ტემპი შენარჩუნებულია. როგორც დეპუტატმა აღნიშნა, ზაფხულში არსებული პრობლემების მიუხედავად, 2019 წლის ოქტომბრიდან ტურისტული შემოსავლები იზრდება, ბოლო პერიოდში დაფიქსირდა დაკრედიტების მაღალი ზრდა, ასევე გვაქვს კარგი მაჩვენებლები ფისკალური მიმართულებით.
„პარლამენტი ეროვნულ ბანკთან და მთავრობასთან ერთად აქტიურად მუშაობს კაპიტალის ბაზრის განვითარებაზე. გასულ წელს პარლამენტმა მიიღო რამდენიმე საკანონმდებლო ინიციატივა ფინანსური სექტორის მდგრადობისთვის, მათ შორის: კანონი „დერივატივების შესახებ“, ასევე კანონი „რეზოლუციის ჩარჩოს შესახებ“, რომელიც საფინანსო სფეროს, სტაბილურობისათვის და ბიზნეს გარემოსთვის წინ გადადგმული ნაბიჯია. კარგად მუშაობს ე.წ. ესტონური მოდელი და კანონი „დეპოზიტების დაზღვევის შესახებ“, ასევე საპენსიო რეფორმა, ეს ყველაფერი ერთობლიობაში ქმნის სტაბილურ და პროგნოზირებად ეკონომიკურ გარემოს“, – განაცხადა ირაკლი კოვზანაძემ.