ირაკლი კოვზანაძე - სავალუტო ფონდი საქართველოში სტრუქტურული რეფორმების გაგრძელებასა და ეკონომიკის ინკლუზიურ ზრდას მხარს უჭერს
7.5%-იანი ეკონომიკური ზრდა არაერთი ფაქტორით არის განპირობებული. მათ შორის, აღსანიშნავია ტურიზმის გააქტიურება, საერთაშორისო ტურისტების რაოდენობამ იანვარ – მაისში 2,8 მილიონს გადააჭარბა. ასევე, მაისში წინა წელთან შედარებით, ექსპორტის მასშტაბური, 50%-იანი ზრდა დაფიქსირდა, -განაცხადა საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი კოვზანაძემ.
მისი თქმით, 2018 წლის პირველი ხუთი თვის მშპ-ის საშუალო ზრდა 6,1 % იყო, რაც აღემატება საპროგნოზო მაჩვენებელს.
„როდესაც სახელმწიფო ბიუჯეტს ვგეგმავდით, მე მაშინაც ვთქვი, რომ ეკონომიკა წელს 5%-ზე უფრო მეტად გაიზრდება. ეს პროგნოზი სავალუტო ფონდის განცხადებითაც დადასტურდა”, – განაცხადა ირაკლი კოვზანაძემ.
როგორც მან აღნიშნა, საქართველოში სსფ-სთან შეთანხმებული სამწლიანი ეკონომიკური რეფორმების პროგრამა ხორციელდება. ორი დღის წინ პროგრამის მიმდინარეობა სავალუტო ფონდმა დადებითად შეაფასა და საქართველოს 42 მილიონზე მეტი დოლარი გამოუყო.
„ამ ტრანშით შეივსება ეროვნული ბანკის სავალუტო რეზერვები, მათი დონე მიუახლოვდება საერთაშორისო სტანდარტებს, რაც ქართული ლარის კურსს დამატებით სტაბილურობას მოუტანს. გარდა ამისა, სსფ-ის განცხადებაში აღნიშნულია, რომ ქვეყანაში უნდა გაგრძელდეს სტრუქტურული რეფორმები და მხარს უჭერს საქართველოს ეკონომიკის ინკლუზიურ ზრდას. ვფიქრობ, ეს რეფორმები უნდა განხორციელდეს ჯანდაცვის, განათლების, საფინანსო და სხვა სექტორებში. რაც შეეხება მთავრობის ინიციატივას კომპანიებისთვის საგადასახადო დავალიანების ჩამოწერის შესახებ, ნებისმიერი ღონისძიება, რომელიც გამოიწვევს საგადასახადო აგენტების ეკონომიკურ გააქტიურებასა და ამით დამატებით შემოსავლების მობილიზებას ბიუჯეტში -მისასალმებელია. ამ საკითხზე დამატებით ინფორმაციას პარლამენტში უახლოეს პერიოდში ველოდებით“, – განაცხადა კომიტეტის თავმჯდომარემ.