ირაკლი კოვზანაძე - სავალუტო ბაზრის ყოველდღიური მონიტორინგის შესახებ ეროვნული ბანკის გადაწყვეტილება სწორი ნაბიჯია
ირაკლი კოვზანაძე - სავალუტო ბაზრის ყოველდღიური მონიტორინგის შესახებ ეროვნული ბანკის გადაწყვეტილება სწორი ნაბიჯია

როდესაც ქვეყნის ცენტრალური ბანკი აცხადებს, რომ ის სავალუტო ბაზარს მონიტორინგს ყოველდღიურ რეჟიმში გაუწევს, ეს სწორი გადაწყვეტილებაა. დღეს არის ის დრო, როდესაც ეროვნულმა ბანკმა დაგროვილი რეზერვები უნდა გამოიყენოს, – ამის შესახებ პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი კოვზანაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემა „ბიზნესპარტნიორში“ განაცხადა.

გადაცემაში კორონავირუსის ეკონომიკაზე გავლენა და ამ გამოწვევის საპასუხოდ მთავრობის მიერ შემუშავებული ეკონომიკის სტიმულირების გეგმის მნიშვნელობა განიხილეს. გადაცემის მსვლელობისას აღინიშნა ისიც, რომ მოცემულ ეტაპზე ქვეყნის მთავარი გამოწვევა ეროვნული ვალუტის კურსის მკვეთრი ვარდნა იყო.

პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის მოსაზრებით, ლარის რყევა ორი მთავარი ფაქტორით არის გამოწვეული: ერთი კორონავირუსის მიერ გლობალურ ეკონომიკაში გამოწვეული არეულობა და მეორე ნავთობის ფასის მკვეთრი ვარდნაა. თუმცა, მისივე თქმით, საკმაოდ დიდი გავლენა მოახდინა უცხოურ ვალუტაზე აჟიოტაჟურმა მოთხოვნამ და პანიკის ფაქტორმა.

„ვფიქრობ, ბოლო ათი დღის განმავლობაში რაც მოხდა, სანამ ინტერვენციები განხორციელდებოდა, განსაკუთრებით ბოლო ფაზა, ეს იყო წმინდა აჟიოტაჟური ფაქტორი, ასევე, იყო პანიკის ელემენტებიც. მინდა, ხაზი გავუსვა, ზოგიერთ შემთხვევაში იყო შიდა მოთხოვნები კონკრეტული ბანკების შემთხვევაში შიდა კონვერტაციასთან დაკავშირებით. ბანკებში შიდა კონვერტაციები იყო ლარის დოლართან მიმართებაში, ამიტომ გარკვეული ნდობის ფაქტორიც შეიქმნა იქ და ამან განაპირობა ის, ჩვენ როგორც ხშირად ვამბობთ, იყო მოთხოვნის შოკი. ამის გამო მოხდა ლარის მკვეთრი დევალვაცია და დაფიქსირდა კურსი 3.5 ლარი ერთ აშშ დოლართან. აღნიშნული რამდენიმე ფაქტორი მუშაობდა იმ პერიოდში“, – განაცხადა კოვზანაძემ.

მისი განმარტებით, ასეთ კრიზისულ ფონზე, როდესაც ეროვნულმა ბანკმა თითქმის 100 მილიონი აშშ დოლარის ინტერვენცია განახორციელა სავალუტო ბაზარზე, ეს იყო გარკვეული დადებითი მესიჯი, რომ ცენტრალური ბანკი ბაზარზე მონაწილეობს, რასაც მოკლევადიანი ეფექტიც მოჰყვა და კურსი 3.27-3.28-ზე ჩამოვიდა. თუმცა, ირაკლი კოვზანაძის თქმით, ეროვნული ბანკის მიერ გადადგმული ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯი მაინც სტრატეგიის შეცვლა და ბაზარზე ყოველდღიური მონიტორინგის გადაწყვეტილება იყო.

„აქ ხაზგასასმელია ერთი ფაქტორი, რომ როგორც ცენტრალური ბანკი აცხადებს, ის მონიტორინგს გაუწევს ყოველდღიურ რეჟიმში და ეს სწორი გადაწყვეტილებაა ამ მიმართულებით. რას გულისხმობს ეს. ვნახეთ, რომ ბოლო ინტერვენცია იყო 40 მილიონი აშშ დოლარის ფარგლებში. მე არ ვფიქრობ, რომ ჩვენ ამ მოცულობის ინტერვენციები დაგვჭირდება. საჭირო იქნება უფრო მცირე მოცულობის ინტერვენციები. მაგრამ ცენტრალური ბანკის მონაწილეობა ბაზარზე უფრო ხშირი იქნება. ეს არის ხაზგასასმელი და ეროვნული ბანკი ამაში მონაწილეობას მიიღებს“, – განაცხადა კოვზანაძემ.

მისი მოსაზრებით, ეროვნული ბანკი ხშირი ინტერვენციებისთვის საჭირო რესურსს ფლობს და მოცემულ მომენტში არ უნდა დაზოგოს.

„აქ მნიშვნელოვანია ერთი მომენტი, რომ ცენტრალურ ბანკს ამისთვის საკმარისი რეზერვები გააჩნია. ჩვენ ამ რეზერვს ვაგროვებდით და ამ მხრივ ცენტრალურ ბანკს პარლამენტის სრული მხარდაჭერა ჰქონდა. მას ხშირად აკრიტიკებდნენ რეზერვების დაგროვებასთან დაკავშირებით, მაგრამ ეს არც ერთ შემთხვევაში ჩვენგან არ ყოფილა. დღეს არის ის დრო, როდესაც ეს რეზერვები უნდა გამოიყენოს“, – განუცხადა ირაკლი კოვზანაძემ „ბიზნესპარტნიორს“.