ირაკლი კოვზანაძე - საქართველო მიერთებულია სანქციების რეჟიმს, საბანკო სექტორში რეჟიმი განუხრელად ხორციელდება, გადარიცხვები კონტროლდება
საქართველო მიერთებულია სანქციების რეჟიმს, საბანკო სექტორში რეჟიმი განუხრელად ხორციელდება, სექტორში გადარიცხვები კონტროლდება. ორი ქართული ბანკი ლონდონის ბირჟაზე არის რეგისტრირებული და, აქედან გამომდინარე, ნებისმიერი გადარიცხვა არის მკაცრ კონტროლზე, – ამის შესახებ პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი კოვზანაძემ განაცხადა.
მისი თქმით, საბანკო სექტორში ყველა ტიპის სანქცია არის გატარებული.
„ერთ-ერთი პირველი იყო საქართველო, რომელიც მიუერთდა და „ვითიბი ბანკი“ ამის ნათელი მაგალითია. ამ თვალსაზრისით, ყველა რეჟიმი განხორციელებულია, რაც შესაძლებელი იყო. რაც შეეხება საბაჟოს, ამასთან დაკავშირებით დღეს კიდევ ერთხელ მოვისმინეთ, რა რეჟიმები არის განხორციელებული, რომ გამოირიცხოს ნებისმიერი პრეცედენტი და რამდენიმე მაგალითი ამ კუთხით მოყვანილი იყო. გარდა ამისა, საერთაშორისო თვალსაზრისით, საქართველო თანამშრომლობს როგორც ევროკავშირის, ასევე აშშ-ის შესაბამის სტრუქტურებთან, რომ გამოირიცხოს ნებისმიერი პრეცედენტი და ამის კიდევ ერთი დასტური იყო დღევანდელი დღე“, – განაცხადა კოვზანაძემ.