ირაკლი კოვზანაძე - საჭიროა, ეროვნულმა ბანკმა სწრაფად გამოიყენოს მის ხელთ არსებული ყველა ინსტრუმენტი
ირაკლი კოვზანაძე - საჭიროა, ეროვნულმა ბანკმა სწრაფად გამოიყენოს მის ხელთ არსებული ყველა ინსტრუმენტი

პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი კოვზანაძის განცხადებით, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა მის ხელთ არსებული ყველა ინსტრუმენტი უნდა გამოიყენოს, რომ ლარის დევალვაცია შეწყდეს და ეროვნული ვალუტა მის ჩვეულ ნიშნულს დაუბრუნდეს.

როგორც ჟურნალისტებს კოვზანაძემ განუცხადა, ლარის კურსი და ფასების სტაბილურობა ის საკითხებია, რომელიც საქართველოს მოსახლეობას აწუხებდა დღეს, გუშინ და კვლავ აწუხებს.

„საჭიროა, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა რამდენადაც შესაძლებელია სწრაფად გამოიყენოს მის ხელთ არსებული ყველა ინსტრუმენტი იმისთვის, რომ ლარის დევალვაცია შეწყდეს და ლარი მის ჩვეულ ნიშნულს დაუბრუნდეს. ასევე შემცირდეს ფასების ზრდა და ინფლაცია ახლოს მივიდეს მის მიზნობრივ მაჩვენებელთან. ამისთვის საქართველოს ეროვნულ ბანკს მთელი რიგი ინსტრუმენტები გააჩნია, რომელთა გამოყენება საჭიროა თანდათან. ცენტრალურმა ბანკმა პრევენციაზე უნდა იმუშაოს“, – განაცხადა დეპუტატმა.

მისი თქმით, ეროვნულ ბანკს ამ ამოცანების შესრულება შეუძლია.

„ეროვნული ბანკი დღეს, ინტერვენციისთვის 40 მილიონს გამოიყენებს. ინსტრუმენტები თანმიმდევრულად უნდა გამოიყენოს. ცენტრალურმა ბანკმა რეაქციები არ უნდა დააგვიანოს“, – განაცხადა დეპუტატმა, ირაკლი კოვზანაძემ.