ირაკლი კოვზანაძე - მიგვაჩნია, რომ ეროვნულ ბანკს აქვს მთავარი მანდატი როგორც ინფლაციასთან, ასევე ლარის კურსთან დაკავშირებით
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი კოვზანაძის შეფასებით, კომიტეტის სხდომაზე, სადაც ეროვნული ბანკის 2020 წლის საქმიანობის ანგარიში მოისმინეს, აქტიური და საინტერესო განხილვა იყო.
მისივე თქმით, საკომიტეტო მოსმენაზე საუბარი შეეხო ისეთ საკითხებს, რაც მოსახლეობას აწუხებს, მათ შორის ფასების სტაბილურობას და ლარის კურსს.
„საკმაოდ საინტერესო და აქტიური განხილვა იყო. ეს ის საკითხებია, რომელიც საქართველოს მოსახლეობას აწუხებს – ფასების სტაბილურობა, ინფლაცია, ლარის კურსი. ამ საკითხებს სისტემატურად ვაყენებთ. საჭიროა დროული რეაქცია, პრევენცია, სწრაფად რეაგირება ყველა იმ საკითხზე, რაც საქართველოს მოსახლეობისთვის აქტუალურია, განსაკუთრებით ლარის კურსთან დაკავშირებით იმიტომ, რომ ჩვენ გვაქვს მაღალი დოლარიზაცია და როგორც კი ლარის დევალვაცია ხდება, ეს არის პრაქტიკულად დამატებითი გადასახადი ნებისმიერი იმ ადამიანისთვის, რომელსაც დოლარში აქვს სესხი, თუ დავალიანება აქვს და ა.შ. ფასები სწრაფად მატულობს. აი, ეს კითხვები იყო დასმული აქ, რომლებზეც პასუხების გაცემა ცენტრალური ბანკის პრეზიდენტს მოუწია.
ყოველთვის ისმის კითხვა, ვინ არის პასუხისმგებელი ლარის კურსზე. ჩვენი წარმოდგენით, ბუნებრივია, ეროვნული ბანკის მანდატიდან გამომდინარე, ის არის პასუხისმგებელი ინფლაციაზე, ფასების სტაბილურობის შენარჩუნებაზე. მიგვაჩნია, რომ ეროვნულ ბანკს აქვს მთავარი მანდატი როგორც ინფლაციასთან, ასევე ლარის კურსთან დაკავშირებით“, – განაცხადა კოვზანაძემ.