ირაკლი კოვზანაძე - ლარის დევალვაციაზე კორონავირუსთან დაკავშირებული ეკონომიკური გაურკვევლობები და ნავთობის ფასის ვარდნა ახდენს გავლენას
ლარის კურსსა და მის დევალვაციაზე ამჟამად ახალ კორონავირუსთან დაკავშირებული ეკონომიკური გაურკვევლობები ახდენს გავლენას, ასევე ბოლო ორი დღის განმავლობაში ნავთობის ფასების მკვეთრი ვარდნა, – ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის ხელმძღვანელმა, ირაკლი კოვზანაძემ განუცხადა.
მისი თქმით, კურსზე გავლენა სწორედ ამ პროცესებსა და მასთან დაკავშირებულ მოლოდინებს აქვს.
„აღნიშნული ორი პროცესი იწვევს ლარის დღევანდელ დევალვაციას. 15 თებერვლის შემდეგ გვქონდა ლარის გამყარება, რომელზეც გავლენას ახდენდა ეროვნული ბანკის ძვირი ფულის პოლიტიკა, მაგრამ პროცესები, რომელიც არის კორონავირუსთან დაკავშირებული გაურკვევლობები და ასევე ნავთობის ფასების მკვეთრი ვარდნა, გავლენას ახდენს და მოახდენს ლარის დევალვაციაზე. დაგვჭირდება და ალბათ სავალდებულოც იქნება პარლამენტის, მთავრობისა და ეროვნული ბანკის მჭიდრო თანამშრომლობა ამ პროცესებთან დაკავშირებით, რათა პირველ რიგში პრევენცია მოვახდინოთ, რამდენადაც შესაძლებელია და შემდეგ გარკვეული გეგმები დავსახოთ. გარკვეული გავლენა საქართველოს ეკონომიკაზე ამას ექნება“, – განაცხადა ირაკლი კოვზანაძემ.
მისი შეფასებით, საქართველოს ეკონომიკა არის მცირე და ღია, მსოფლიოს ეკონომიკაში ინტეგრირებული, შესაბამისად, მიმდინარე პროცესები მასზე გავლენას იქონიებს.
საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ოფიციალური კურსით ერთი ამერიკული დოლარი დღეს 2.8463 ლარი ღირს.