ირაკლი კოვზანაძე - გასულ წელს ინფლაცია მოსახლეობას ტვირთად დააწვა
ირაკლი კოვზანაძე - გასულ წელს ინფლაცია მოსახლეობას ტვირთად დააწვა

ფასების არასტაბილურობა და ინფლაცია 2017 წელს ეროვნული ბანკისთვის  ყველაზე მნიშვნელოვანი გამოწვევა იყო, – ამის შესახებ  საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი კოვზანაძემ პარლამენტის პლენარულ სესიაზე, ეროვნული ბანკის ყოველწლიური ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.

მისი თქმით, ინფლაციის მიზნობრივი მაჩვენებელი  2017 წელს 4 პროცენტზე  დაიგეგმა, თუმცა, წლიურმა საშუალო დონემ 6.7 პროცენტს მიაღწია, ცალკეულ თვეებში კი 7 პროცენტსაც კი გადააჭარბა.

„გასაგებია, რომ ეროვნული ბანკი ორიენტირებულია საშუალოვადიან პერსპექტივებზე და თქვენი რეაგირებები, ეკონომიკური  თვალსაზრისით,  ადეკვატური იყო,  მაგრამ მინდა, გაითვალისწინოთ, რომ ინფლაცია  პირდაპირ ურტყამს ჩვენი მოქალაქეების ჯიბესა და მათ ყოველდღიურობას, ეს ყველაფერი მოსახლეობის ფართო ფენებს, განსაკუთრებით კი, მის ყველაზე მოწყვლად ჯგუფებს ეხება. ვფიქრობ, რომ ეროვნული ბანკი უფრო ოპერატიული და ქმედითი უნდა გახდეს ამ მიმართულებით “, – განაცხადა ირაკლი კოვზანაძემ.

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ თავის გამოსვლაში ისიც აღნიშნა, რომ  მიმდინარე წელს წლიური ინფლაციური წნეხი მნიშვნელოვნად შესუსტდა და მაისში 2,5 პროცენტი შეადგინა.