ირაკლი კოვზანაძე - ესტონური მოდელის შედეგად, რეინვესტიციების მოცულობა გაორმაგდა
ირაკლი კოვზანაძე - ესტონური მოდელის შედეგად, რეინვესტიციების მოცულობა გაორმაგდა

მოგების გადასახადის გადავადების ე.წ. ესტონური მოდელის დანერგვის შედეგად, ქართულ კერძო სექტორში რეინვესტიციების მოცულობა გაორმაგდა, – ამის შესახებ პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემა „ბიზნესპარტნიორში“ განაცხადა.

გადაცემაში მოგების გადასახადის გადავადების ე.წ. ესტონური მოდელის შედეგები განიხლეს. აღნიშნული მოდელის დანერგვიდან ორი წელი გავიდა და საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა გუშინ ამ რეფორმის ზეგავლენის შეფასების რეტროსპექტული კლევა გამოაქვეყნა.

კოვზანაძის განმარტებით, მისმა კომიტეტმა აღნიშნული კვლევა იმ მიზეზით ითავა, რომ ესტონური მოდელი გავლენას ახდენს როგორც სახელმწიფო ბიუჯეტზე, ისე ბიზნესის განვითარებაზე, რაც საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის კომპეტენციაში შემავალი ორი საკვანძო საკითხია.

„პარლამენტს სესიის განმავლობაში აქვს რამდენიმე მთავარი მიმართულება, მე ვიტყოდი 10 ვექტორი და აქედან ორი უშუალოდ ჩვენს კომიტეტს ეხება. ერთი არის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის ბიუჯეტი და მეორე ბიზნესის ხელშეწყობა. ეს მოგების გადავადებული გადასახდი ე.წ. ესტონური მოდელი ორივეს ეხება“, – განაცხადა კოვზანაძემ.

მისი მოსაზრებით, მიუხედავად იმისა, რომ ესტონური მოდელი ჯერ მხოლოდ ორი წელია რაც მოქმედებს, გარკვეული ტენდენციები უკვე გამოიკვეთა, რომელთა შორის უპირველესია რეინვესტიციების მოცულობის ზრდა.

„მიუხედავად იმისა, რომ კვლევისთვის საკმაოდ მოკლე პერიოდი გვქონდა – ეს კანონი 2016 წელს მიიღო წინა პარლამენტმა და სულ ორი წელია რაც მუშაობს – გარკვეული ტენდენციები გამოკვეთილია. უპირველეს ყოვლისა ის, რომ რეინვესტიციების მოცულობა გაორმაგებულია. 2016 წელთან შედარებით, 2017 წელს თითქმის ორჯერ მეტია ინვესტიციების მოცულობა და 650 მილიონი დოლარს აღწევს, ზრდა 2018 წელსაც მნიშვნელოვანია. ეს არის ამ კანონის მოქმედების ერთ-ერთი მთავარი შედეგი. გარდა ამისა, იკვეთება ისიც, რომ კერძო სექტორში გაზრდილია დასაქმების და მოგების მაჩვენებლები. 2017 წელს მოგების მაჩვენებელი 2016 წელთან შედარებით, მკვეთრად მომატებულია. ბიზნესსექტორში მნიშვნელოვანი რესურსი დარჩა. ეს არის ის თემები, რაც კვლევის მაკროეკონომიკურ ნაწილში გამოიყო“, – განმარტა კოვზანაძემ.

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის თქმით, კვლევამ აჩვენა, რომ საანგარიშო პერიოდში საგადასახადო დავებიც შემცირდა, თუმცა კიდევ დარჩა საკითხები, რისი სიღრმისეული კვლევაც მოცემულ ეტაპზე ვერ მოხერხდა.

„რაც შეეხება საგადასახადო მიმართულებას, საგადასახდო დავების რაოდენობა მკვეთრად არის შემცირებული. თუმცა, აღინიშნა, რომ კვლევა რაღაც მიმართულებებზე ბოლომდე ვერ ჩავიდა, რადგან ცალკეული კომპანიების ნაწილში ეს კვლევა ჩაშლილი არ არის. ციფრები არ გვაქვს, რადგან ამას მეტი დრო სჭირდება, დაახლოებით 5-7 წლამდე, რომ უფრო ფართო სურათი გამოიკვეთოს. თუმცა კვლევის პრეზენტაციაზე მყოფი ბიზნესმენები, ბიზნესასოციაციები ყველა ცალსახად აღნიშნავდა, რომ ეს არის ერთ-ერთი მთავარი რეფორმა, რომელიც ჩვენი ხელისუფლების პირობებში გატარდა. მე ვფიქრობ, კვლევამ დაადასტურა, რომ ეს ის რეფორმაა, რომელიც ყოველგვარი შეფერხების გარეშე ვითარდება და მომავალი ამას კიდევ აჩვენებს“, – განუცხადა ირაკლი კოვზანაძემ „ბიზნესპარტნიორს“.