ირაკლი კოვზანაძე ეროვნული ბანკის პრეზიდენტს ვახტანგ ბურკიაშვილის აღმასრულებელ დირექტორად დანიშვნაზე ინფორმაციის მიწოდებას სთხოვს
ირაკლი კოვზანაძე ეროვნული ბანკის პრეზიდენტს ვახტანგ ბურკიაშვილის აღმასრულებელ დირექტორად დანიშვნაზე ინფორმაციის მიწოდებას სთხოვს

ვახტანგ ბურკიაშვილი ეროვნული ბანკის აღმასრულებელ დირექტორად უკვე დაინიშნა, – ამის შესახებ ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა, მურთაზ კიკორიამ საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, სადაც ბურკიაშვილის საკითხით ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი რომან გოცირიძე დაინტერესდა.

როგორც სხდომაზე კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძემ აღნიშნა, ეროვნულ ბანკს ოფიციალურად მიმართავს ბურკიაშვილის დანიშვნის შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად.

„მინდა, ვთხოვო ეროვნული ბანკის პრეზიდენტს, გამოგვიგზავნოს ინფორმაცია ამ დანიშვნასთან დაკავშირებით, მიუხედავად იმისა, რომ ეს პარლამენტის კომპეტენცია არ არის. რა პროცედურები ჩატარდა ამ მიმართულებით, ეს ბანკის შიდა კომპეტენცია იყო თუ საჯარო სამსახურის კანონიდან გამომდინარე, როგორც არ უნდა იყოს, მოგვაწოდოს ინფორმაცია. ვფიქრობ, დაცული იქნება საკანონმდებლო რეგულაციები და ამ ინფორმაციას კომიტეტის წევრებსაც მოგაწვდით“, – განაცხადა ირაკლი კოვზანაძემ.

ამასთან, მისი თქმით, რამდენიმე კვირაში ეროვნული ბანკის ახალი ვიცე-პრეზიდენტი უნდა აირჩეს, ვინაიდან ამ თანამდებობას მურთაზ კიკორია ტოვებს.

„ჩვენი კომპეტენცია ვრცელდება ეროვნული ბანკის უმაღლეს მენეჯმენტზე, პრეზიდენტზე და ვიცე-პრეზიდენტებზე. გამომდინარე აქედან, რამდენიმე კვირაში მოგვიწევს ვიცე-პრეზიდენტის არჩევა. საქართველოს პრეზიდენტმა უნდა წარადგინოს ვიცე-პრეზიდენტის კანდიდატურა, ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის, ვიცე-პრეზიდენტის და პარლამენტმა უნდა დაამტკიცოს. კომიტეტმა უნდა შეარჩიოს, პროცედურაში მიიღოს მონაწილეობა და პარლამენტმა დაამტკიცოს. აქ იქნება თითოეული ჩვენგანის როლი და ჩავერევით ბატონო რომან, თქვენ, ჩვენ და ყველა ერთად. ამაში ვიქნებით პრინციპული, რომ არ იყოს დარღვევა, რადგან  ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი, განსაკუთრებით ამ მიმართულებით, სადაც ზედამხედველობა არის, უნდა იყოს უმაღლესი კლასის სპეციალისტი, პროფესიონალი ფინანსებში და ა.შ. აქ თითოეული ჩვენგანის მონაწილეობა იქნება უაღრესად მნიშვნელოვანი“, – მიმართა საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ რომან გოცირიძემ.

ვახტანგ ბურკიაშვილმა ეროვნული ბანკის აღმასრულებელი დირექტორის პოსტზე ირაკლი მელაშვილი შეცვალა.