ირაკლი კოვზანაძე - ეროვნულ ბანკს და აუდიტის სამსახურს ვთხოვ, ბიუჯეტის პროექტზე დასკვნები ფორმალური რომ არ იყოს, ყურადღება გაამახვილონ არა ვიწრო, მათი პასუხისმგებლობის არეალზე, არამედ რისკების იდენტიფიკაციაზე
ირაკლი კოვზანაძე - ეროვნულ ბანკს და აუდიტის სამსახურს ვთხოვ, ბიუჯეტის პროექტზე დასკვნები ფორმალური რომ არ იყოს, ყურადღება გაამახვილონ არა ვიწრო, მათი პასუხისმგებლობის არეალზე, არამედ რისკების იდენტიფიკაციაზე

ჩემს შეშფოთებას იწვევს ის, რომ მომავალ წელს გვექნება მთავრობის ვალის და დეფიციტის მაღალი ზრდა. მათი შემცირების მიმართულებით მკვეთრი მოძრაობა 2021 წელსვე უნდა დავიწყოთ, სხვა შემთხვევაში, არ გამოვრიცხავ, რომ 2021 წელს თუ არა, 2022 წელს ქვეყნის რეიტინგი შეგვიმცირონ და კიდევ უფრო რთული გამოწვევების წინაშე დავდგეთ, – ამის შესახებ პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძემ პლენარულ სესიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, სადაც 2021 წლის ბიუჯეტის პროექტი განიხილეს.

მისი თქმით, არსებულ რთულ ვითარებაში ჩვენ უნდა ვიმოქმედოთ უფრო გლობალურად და ინსტიტუციონალურად.

„ჩემი აზრით, ახლავე უნდა ვიფიქროთ, მაგალითად ცალკეული დარგების, სექტორების, მიმართულებების არსებული საგადასახადო შეღავათების მიზნობრივი სუბსიდიებით ჩანაცვლებაზე, ეს სამართლიანი იქნება კონკურენტული გარემოსთვის, ჩრდილოვან ეკონომიკასაც შეამცირებს და ქვეყანასაც მნიშვნელოვანი საბიუჯეტო ეფექტი ექნება, უნდა ვიფიქროთ ფისკალური ადმინისტრირების გაუმჯობესების კუთხით, უნდა ვიფიქროთ სახელმწიფო საწარმოების ეფექტიანობის გაზრდის მიმართულებით და ა.შ. თუმცა ხანგრძლივი ფიქრის ფუფუნებაც არ გვაქვს“, – განაცხადა საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ.

გარდა ამისა, ირაკლი კოვზანაძემ საქართველოს ეროვნულ ბანკსა და სახელმწიფო აუდიტის სამსახურს სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტზე წარმოდგენილ დასკვნებთან დაკავშირებით საპარლამენტო ტრიბუნიდან მიმართა.

„ორივე ინსტიტუტი ჩვენს ქვეყანაში დამოუკიდებლობის უმაღლესი ხარისხით სარგებლობს და ჰყავს მაღალკვალიფიციური ხელმძღვანელები. სწორედ ამიტომ მინდა, ვთხოვო: მათი დასკვნები ფორმალური რომ არ იყოს, საჭიროა, ყურადღება გაამახვილონ არა ვიწრო, მათი პასუხისმგებლობის არეალზე, არამედ ორიენტირებულნი იყვნენ იმ რისკების იდენტიფიკაციაზე, რაც ჩანს და ასევე სამომავლო აქცენტის გაკეთებაზე“, – განაცხადა ირაკლი კოვზანაძემ.

ინფორმაცია საქართველოს პარლამენტის პრესსამსახურმა გაავრცელა.