ირაკლი კოვზანაძე - ბიუჯეტის პროექტის საბოლოო ვერსიაში პარლამენტის რეკომენდაციების ნაწილია გათვალისწინებული
მთავრობამ 2020 წლის ბიუჯეტის პროექტის საბოლოო ვერსიაში პარლამენტის რეკომენდაციების ნაწილი გაითვალისწინა. მომავალ წელს მთავრობა 2019 წლისგან განსხვავებით მილიარდ 100 მილიონი ლარით მეტს დახარჯავს, -ამის შესახებ პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავჯდომარე ირაკლი კოვზანაძემ კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, სადაც 2020 წლის ბიუჯეტის პროექტის საბოლოო ვერსია განიხილეს.
მისი თქმით, სახელმწიფო ბიუჯეტის პირველადი პროექტისგან განსხვავებით გაზრდილია როგორც შემოსავლები, ასევე ხარჯებიც. კერძოდ, სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი 221.0 მლნ ლარით მეტია და თითქმის 14 მილიარდ ნახევარია (14 მილიარდ 432მილიონ 866 ათას ლარს შეადგენს). მომავალი წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობების საპროგნოზო მაჩვენებელი 514.2 მილიონი ლარით გაზრდილია და 14 მილიარდ 554 მილიონ 200 ათასი ლარია.
როგორც ირაკლი კოვზანაძემ აღნიშნა, მთავრობამ გაითვალისწინა პარლამენტის რეკომენდაცია და საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი ფონდის დაფინანსება წინა ვერსიისგან განსხვავებით 50 მილიონით 350 მილიონ ლარამდე გაზარდა. თანხები გაეზარდა რამდენიმე სამინისტროს გარკვეული პროექტების დასაფინანსებლად. მათ შორის განათლების სამინისტროს დაფინანსება 30,5 მილიონით მეტია პირველადი ვერსიისგან განსხვავებით და შეადგენს 1.666.5 მილიონ ლარს. ზოგადად კი მომავალ წელს განათლების სისტემაზე (ნაერთი ბიუჯეტიდან) 1.9 მლრდ ლარზე მეტი დაიხარჯება.
„პრიორიტეტულია სოციალური სფერო. ბიუჯეტის პირველადი ვერსიისგან განსხვავებით 16 მილიონით გაიზარდა ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დაფინანსება და 4.363 მლნ ლარია. გაზრდილია იუსტიციის სამინისტროს დაფინანსებაც“, -აღნიშნა ირაკლი კოვზანაძემ.
გარდა ამისა, საერთაშორისო სავალუტო ფონდთან კონსულტაციების შედეგად გადაიხედა ეკონომიკური ზრდის საპროგნოზო მაჩვენებელი. კერძოდ , მშპ-ს რეალური ზრდის პროგნოზი 2020 წლისთვის 5.0%-დან 4.5%-მდე დაკორექტირდა. მომდევნო წლებში კი ეტაპობრივად იზრდება და 5,5%-ის ფარგლებშია პროგნოზორებიული 2023 წლისათვის. მიზნობრივი ინფლაციის მაჩვენებელი კი იგივე 3% რჩება. ნაერთი ბიუჯეტის დეფიციტი 2,5%-ია.
ძალაში რჩება მომავალი წლიდან პენსიებისა და ხელფასების ზრდა.
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა მხარი დაუჭირა 2020 წლის ბიუჯეტის პროექტის საბოლოო ვერსიას, რომელიც მომავალ კვირას პარლამენტის სესიაზე გავა განსახილველად.