ირაკლი კობახიძე - „რესპუბლიკელები“ უპირისპირდებიან ეროვნულ იდენტობას და სძულთ ეკლესია
ირაკლი კობახიძე - „რესპუბლიკელები“ უპირისპირდებიან ეროვნულ იდენტობას და სძულთ ეკლესია

„რესპუბლიკელები“ ღიად აფიქსირებენ საკუთარ არა მხოლოდ ნეგატიურ, არამედ მტრულ დამოკიდებულებას ეკლესიისა და პატრიარქის მიმართ, რაც აბსოლუტურად წარმოუდგენელია, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი კობახიძემ განუცხადა. ირაკლი კობახიძე „რესპუბლიკური პარტიის“ იდეას გამოეხმაურა, რომელიც სახელმწიფოსა და საპატრიარქოს შორის კონსტიტუციური შეთანხმების გაუქმებას შეეხება.

კობახიძის თქმით, საზოგადოებას ახსოვს, „რესპუბლიკელების“ რიტორიკა და ლექსიკა პატრიარქისა და ეკლესიის მიმართ.

„დავით ბერძენიშვილისა და სხვა ლიდერების განცხადებები გაიხსენეთ, რაც აბსოლუტურად მიუღებელია. ისინი უპირისპირდებიან ეროვნულ იდენტობას, სძულთ ეკლესია, ეს ამ პოლიტიკური ძალის სახეა, მათ შორის, „ნაცმოძრაობის“ სახე. მინდა, სალომე ზურაბიშვილის სალობიეში სტუმრობა გავიხსენო. ერთ-ერთმა „ნაციონალმა“ ამის შესახებ საკუთარ მეგობრებს ინფორმაცია მიაწოდა და ქვემოთ იყო მინაწერი „სტუმარი ღვთისაა“. ეს პირდაპირ „ნაციონალური მოძრაობის“ სახეს აჩვენებს. ყველაფერი სძულთ, რაც დაკავშირებულია ეროვნულ იდენტობასა და ტრადიციებთან. ეს მინაწერი მათი ზუსტი ლუსტრაცია იყო“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

„რესპუბლიკურმა პარტიამ“ 27 ნოემბერს განცხადება გაავრცელა, სადაც ისინი სახელმწიფოსა და საპატრიარქოს შორის კონსტიტუციური შეთანხმების გაუქმებას ითხოვენ.