ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით მართლმსაჯულების რეფორმის მეოთხე ტალღის საკითხებზე შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართება
ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით მართლმსაჯულების რეფორმის მეოთხე ტალღის საკითხებზე შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართება

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით დღეს მართლმსაჯულების რეფორმის მეოთხე ტალღის საკითხებთან დაკავშირებით შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართება.

როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა, დღევანდელ შეხვედრაზე მხარეები იუსტიციის უმაღლეს საბჭოსთან დაკავშირებულ საკითხებს განიხილავენ. ირაკლი კობახიძის თქმით, აღნიშნულ თემაზე რამდენიმე საკითხი დარჩა შესაჯერებელი.

წინა შეხვედრაზე მხარეებმა დისციპლინური წარმოების საკითხები და იუსტიციის უმაღლესი სკოლის საკითხი განიხილეს. ირაკლი კობახიძის განცხადებით, აღნიშნულ საკითხებზე მხარეებმა კონსენსუსს მიაღწიეს.

„ჩვენ გვქონდა სამი თემა, რომლებსაც განვიხილავდით. პირველი იყო დისციპლინური წარმოების საკითხები, სადაც უკვე გვაქვს მიღწეული სრული კონსენსუსი წინა შეხვედრაზეც. მეორე იყო სკოლის თემა და იქაც პრაქტიკულად არის სრული კონსენსუსი მიღწეული. რჩება მესამე თემა, რომელიც დაკავშირებულია იუსტიციის უმაღლეს საბჭოსთან. იქ რამდენიმე საკითხი იყო ​შესაჯერებელი. ამაზე გვექნება მსჯელობა. დღეს დასრულდება მუშაობა და შედეგად მივიღებთ ძალიან მნიშვნელოვან, ძალიან დახვეწილ დოკუმენტს, რომელიც ხელს შეუწყობს საქართველოში მართლმსაჯულების სისტემის დამოუკიდებლობისა და ეფექტიანობის შემდგომ გაუმჯობესებას. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ძალიან მნიშვნელოვანი იყო კონსენსუსი ყველა პრინციპულ საკითხთან დაკავშირებით და მოხარული ვარ, რომ სწორედ ასეთი კონსენსუსისკენ მიდის საქმე“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დღეს დიპლომატიური კორპუსის, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ხელისუფლების სამივე შტოს წარმომადგენლებს შეხვდება.