ირაკლი კობახიძემ შოვში სტიქიის შედეგად დაღუპულთა ოჯახებსა და ახლობლებს მიუსამძიმრა
უდიდესი ტრაგედია დატრიალდა. ვუსამძიმრებ, პირველ რიგში, დაღუპულების ოჯახებს, ახლობლებს, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს შოვში, სტიქიის ზონაში ყოფნისას განუცხადა.
მისივე თქმით, მთავარია, გაგრძელდეს სამაშველო სამუშაოები.
„მაშველებს, პოლიციელებს და ჯარისკაცებს მადლობას გადავუხდი, ისინი დღე და ღამეს ათენებენ, რათა, რაც შეიძლება, მეტი ადამიანის გადარჩენა მოახერხონ. ვითარება არ არის მარტივი, ვხედავთ. იმედი ვიქონიოთ, რომ, რაც შეიძლება, მეტი ადამიანი გადარჩება. მთავარი რა არის, რომ უწყებებმა, იმ სტრუქტურებმა ყველაზე კარგად იციან, რა ხდება და როგორ ტარდება ეს სამუშაოები. აქედან გამომდინარე, ყველაზე კომპეტენტურები ისინი არიან“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.