ირაკლი კობახიძემ სამტრედიაში, კახა კალაძის სახელობის ახალი საფეხბურთო ცენტრის გახსნის ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ სამტრედიაში, კახა კალაძის სახელობის ახალი საფეხბურთო ცენტრის გახსნის ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.
მთავრობის მეთაურმა სამტრედიელებს საფეხბურთო კომპლექსის გახსნა მიულოცა.
„ძალიან მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურა შეიქმნა სამტრედიაში, სადაც ბავშვებს ექნებათ განვითარების და სპორტულ მიღწევებზე ზრუნვის საშუალება. ჩვენ გამორჩეულად ნიჭიერი ხალხი ვართ, გამორჩეულად ნიჭიერი ბავშვები გვყავს და დარწმუნებული ვარ, ამ სტადიონზე კიდევ ბევრი ჩემპიონი გაიზრდება. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ კახა კალაძის სახელს ატარებს ეს სტადიონი. კახა კალაძე არის არა მარტო სამტრედიის სიამაყე, სრულიად საქართველოს სიამაყეა. ის არის ყველაზე წარმატებული, ყველაზე ტიტულოვანი ქართველი ფეხბურთელი. მან შექმნა ტრადიციები, რომლებსაც გაგრძელება სჭირდება და ეს სტადიონი ამისთვის საუკეთესო საშუალებას შექმნის. მადლობა კახა კალაძეს ამ არაჩვეულებრივი ინიციატივისთვის”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
პრემიერ-მინისტრმა მადლობა გადაუხადა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას, ფედერაციის პრეზიდენტ ლევან კობიაშვილს, ასევე, FIFA-სა და UEFA-ს პროექტის მხარდაჭერისთვის და პროექტის განხორციელებაში ჩართულ ყველა ადამიანს.
სამტრედიის საფეხბურთო ცენტრში მოეწყო სტანდარტული ზომის, ორი ხელოვნურსაფარიანი მოედანი, განათებით და 200 მაყურებელზე გათვლილი ტრიბუნით. ასევე აშენდა ადმინისტრაციული შენობა. ახალი საფეხბურთო ცენტრის გახსნის ღონისძიებაში თბილისის მერი კახა კალაძე, ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი, FIFA-სა და UEFA-ს წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.