ირაკლი კობახიძემ - საკრებულოს შუალედურ არჩევნებზე „ქართულმა ოცნებამ“ დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა
„ქართულმა ოცნებამ“ დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა, ჩვენ ეს არჩევნები 85 %-იანი გამარჯვებით დავასრულეთ. შედეგი აჩვენებს იმას, თუ როგორია საზოგადოების განწყობა,- ამის შესახებ პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
„გუშინ, სამ ოლქში – მარტვილის, ადიგენის და ლაგოდეხის საარჩევნო ოლქებში, საკრებულოს წევრების არჩევნები გაიმართა. როგორც მოგეხსენებათ, ოპოზიციამ ორ ოლქში საერთოდ ვერ გარისკა ჩვენს წინააღმდეგ კანდიდატების დაყენება, მათ კანდიდატი მხოლოდ ერთ, ლაგოდეხის საარჩევნო ოლქში დააყენეს, სადაც „ქართულმა ოცნებამ“ დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა. ჩვენ ეს არჩევნები 85%-იანი გამარჯვებით დავასრულეთ. ამ ოლქში, ოპოზიციის წარმომადგენელმა 15%-ზე ნაკლები მიიღო. ადგილობრივ არჩევნებს, საკმაოდ დიდი მნიშვნელობა ენიჭება, იგი განიხილება როგორც ტესტი დიდ არჩევნებამდე. აქედან გამომდინარე, აღნიშნული არჩევნები განსაკუთრებული ყურადღების ქვეშ იყო, მათ შორის აფენში „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენლები იყვნენ მობილიზებულნი. შედეგი აჩვენებს იმას, თუ როგორია საზოგადოების განწყობა.
რამდენიმე კვირის განმავლობაში, ჩვენ გვქონდა იმის საშუალება, რომ გვქონოდა უშუალო კავშირი მოსახლეობასთან, გვესაუბრა იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ გვესახება ზოგადად ქვეყნის განვითარება და მთელი რიგი მიმართულებებით ადგილზე ვითარების გაუმჯობესება. სწორედ ამან განაპირობა დამაჯერებელი გამარჯვება. ვფიქრობ, 15% ზუსტად ის შედეგია, რაც საპარლამენტო არჩევნებზე მაქსიმუმ უნდა აიღოს „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ყველა განშტოებით“,- განაცხადა კობახიძემ.
კობახიძის განცხადებით, შუალედურ არჩევნებში მოპოვებული შედეგი მეტყველებს იმაზე, რომ შემდეგ არჩევნებზე „ქართული ოცნება“ დამაჯერებელ გამარჯვებას მოიპოვებს.
„ეს შედეგი მეტყველებს იმაზე, რომ ჩვენ შემდეგ არჩევნებზე, აუცილებლად დამაჯერებელ გამარჯვებას მოვიპოვებთ. რამდენიმე თვის წინ, ჩვენ გვქონდა არჩევნები ექვს ოლქში, სადაც ამომრჩევლის 12%-მა მიიღო მონაწილეობა და იქ მთლიანობაში 60%-ზე მეტი ავიღეთ – ვგულისხმობ, ზუგდიდში ,მარნეულში და სხვა ოლქებში ჩატარებულ არჩევნებს. ეს ყველაფერი მეტყველებს იმაზე, რომ შემდეგ არჩევნებში, ჩვენ მნიშვნელოვნად ავცდებით 50%-იან მაჩვენებელს – 60%, ვფიქრობ ეს არის რეალური შედეგი”,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.