ირაკლი კობახიძემ საერთაშორისო კონფერენციის „პარლამენტის როლი უსაფრთხოების სექტორში“ მონაწილეებს სიტყვით მიმართა
ირაკლი კობახიძემ საერთაშორისო კონფერენციის „პარლამენტის როლი უსაფრთხოების სექტორში“ მონაწილეებს სიტყვით მიმართა

მნიშვნელოვანია, რომ რეგლამენტით გათვალისწინებული დახვეწილი დებულებები პრაქტიკაში ეფექტურად გამოვიყენოთ, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ საერთაშორისო კონფერენციაზე „პარლამენტის როლი უსაფრთხოების სექტორში“ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„მოხარული ვარ, რომ საქართველოს პარლამენტი მასპინძლობს აღნიშნულ კონფერენციას, რომელიც იმართება ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი პროექტის ფარგლებში და რომელიც მიზნად ისახავს მსჯელობას იმ საკითხზე, რომელიც დაკავშირებულია უსაფრთხოების სექტორზე ქვეყნის უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს საზედამხედველო შესაძლებლობების გაძლიერებასთან.

ეს არის ძალიან კარგი შესაძლებლობა, რომ ექსპერტებმა, პარლამენტარებმა და პარლამენტის აპარატის თანამშრომლებმა ისაუბრონ უსაფრთხოების სექტორში აღმოცენებულ ახალ საფრთხეებსა და უსაფრთხოების სექტორის ზედამხედველობაში არსებულ გამოწვევებზე, ერთმანეთს გაუზიარონ საუკეთესო გამოცდილება და ხედვები და ერთობლივად განიხილონ გამოსავლის შესაძლო გზები“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

მისივე თქმით, საპარლამენტო კონტროლი, მათ შორის, უსაფრთხოების სექტორზე ზედამხედველობა განსაკუთრებით აქტუალური გახდა მას შემდეგ, რაც ამოქმედდა საქართველოს კონსტიტუციის ახალი რედაქცია და პარლამენტის ახალი რეგლამენტი.

„პარლამენტი ხდება პოლიტიკური ცხოვრების ცენტრალური ინსტიტუცია, ცენტრალური რგოლი, რომელიც კონსტიტუციის ახალი რედაქციითა და რეგლამენტის მასშტაბური რეფორმის საფუძველზე, უკვე აღიჭურვა შესაბამისი საზედამხედველო ინსტრუმენტებით.

რამდენიმე მაგალითს ჩამოვთვლი; გამარტივდა მთავრობისთვის უნდობლობის გამოცხადების წესი, დაიხვეწა ინტერპელაციის პროცედურა, შემოღებულ იქნა პრემიერ-მინისტრის ყოველწლიური მოხსენება, გამარტივდა საგამოძიებო კომისიის შექმნის წესი, შემოღებულ იქნა მინისტრის საათი, ოპოზიციას მიენიჭა კომიტეტის სხდომაზე მინისტრების დაბარების უფლება.

დღევანდელი კონფერენციის მიზნებისთვის, ცალკე აღნიშვნას იმსახურებს პარლამენტის მაკონტროლებელი ფუნქციის გაძლიერება საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების სექტორში შემავალ უწყებებზე ზედამხედველობის მხრივაც. ამ უწყებების კონტროლის საქმეში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, როგორც მოგეხსენებათ, ნდობის ჯგუფის როლი. ამ თვალსაზრისით ხაზგასასმელია, რომ გაუქმდა „ნდობის ჯგუფის შესახებ“ კანონი და იქ არსებული რეგულაციები და შესაბამისი ცვლილებებით აისახა პარლამენტის რეგლამენტში. კერძოდ, გაიზარდა ნდობის ჯგუფის მანდატი და ის, კანონმდებლობით დადგენილი წესით, ახორციელებს საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში საიდუმლო საქმიანობისა და სპეციალური პროგრამების ზედამხედველობას. სიახლეს წარმოადგენს ის გარემოებაც, რომ ნდობის ჯგუფის თავმჯდომარის თანხმობით, ნდობის ჯგუფის წევრი ან წევრები უფლებამოსილი გახდნენ განახორციელონ ვიზიტები შესაბამის უწყებებში. ასევე, დადგინდა, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრი, საქართველოს მთავრობა, შესაბამისი უწყებები, ვალდებული არიან საქართველოს ნორმატიული აქტების სახელმწიფო რეესტრის „საიდუმლო“ ნაწილში შეტანის შემდეგ, ნდობის ჯგუფს გააცნონ უწყების სტრუქტურისა და სტრუქტურული ქვედანაყოფების ძირითადი ამოცანების შემცველი საიდუმლო ნორმატიული აქტები.

მნიშვნელოვანია, რომ რეგლამენტით გათვალისწინებული დახვეწილი დებულებები პრაქტიკაში ეფექტურად გამოვიყენოთ. ამგვარი კონფერენციები, შეხვედრები, საუკეთესო პრაქტიკების გაზიარება და გამოწვევების თაობაზე მსჯელობა სწორედ ამ მიზანს ემსახურება. ამ კონტექსტში მოხარული ვარ, რომ კონფერენციას ესწრებიან შესაბამისი კომიტეტის წევრები და აპარატის თანამშრომლები. დარწმუნებული ვარ, რომ მომდევნო ორი დღე თითოეული ჩვენგანისთვის ძალიან პროდუქტიული იქნება.

დასასრულს, საქართველოს პარლამენტის სახელით, მინდა განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო ევროკავშირის დელეგაციას, საერთაშორისო და ადგილობრივ ექსპერტებს და პროექტში მონაწილე პირებს მხარდაჭერისა და მათი ენერგიული ჩართულობისთვის. ჩვენ მზად ვართ, რომ მომავალშიც გავაგრძელოთ ძალიან მჭიდრო თანამშრომლობა, რათა საქართველოს პარლამენტში დავნერგოთ საუკეთესო დასავლური გამოცდილება და პრაქტიკა იმ სფეროში, რასაც ჰქვია თავდაცვისა და უსაფრთხოების სექტორში შემავალი უწყებების ზედამხედველობა“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.