ირაკლი კობახიძემ რუსთავისა და გარდაბნის ათ თემში პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, ირაკლი შატაკიშვილის საარჩევნო შტაბი გახსნა
რუსთავში, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ, რუსთავისა და გარდაბნის ათ თემში პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, ირაკლი შატაკიშვილის საარჩევნო შტაბი გახსნა და კანდიდატი წარადგინა.
როგორც კობახიძემ აღნიშნა, შატაკიშვილი უკონკურენტო კანდიდატია და არჩევნებში დამაჯერებლად გაიმარჯვებს.
„ჩვენთვის არის პრინციპულად მნიშვნელოვანი რუსთავში და გარდაბნის ისტორიულ სოფლებში ამ არჩევნების მოგება. გვყავს ღირსეული კანდიდატი – ირაკლი შატაკიშვილი, რომელიც არის პროფესიონალი, ძალიან კარგი იურისტი. ძალიან დიდი წარმატებებისთვის აქვს მიღწეული პროფესიული საქმიანობის განმავლობაში. მე დარწმუნებული ვარ, რომ ის იქნება ძალიან ღირსეული პარლამენტის წევრი, რომელიც იზრუნებს რუსთავზე და გარდაბნის ისტორიულ სოფლებზე უკვე საპარლამენტო მოღვაწეობის ფორმატში“, – განაცხადა კობახიძემ.
ამასთან, როგორც რუსთავის მერმა, ნინო ლაცაბიძემ აღნიშნა, რადგან რუსთავის საკრებულოში „ქართულ ოცნებას” უმრავლესობა არ აქვს, განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იქნება მაჟორიტარის მხარდაჭერა ცენტრალური ხელისუფლების მხრიდან.
„ირაკლი არის ძალიან ღირსეული რუსთაველი, აქ დაბადებული და გაზრდილი. ადამიანი, რომელსაც აქვს კარგი განათლება და დარწმუნებული ვარ იმ გამოცდილებას, რომელიც მან კერძო სექტორში მიიღო, მოახმარს რუსთავის განვითარებას და აქტიურად იქნება ჩართული. ახლა, როდესაც რუსთავში არის განსხვავებული პოლიტიკური ვითარება და საკრებულოში არ ვართ უმრავლესობით წარმოდგენილი, ირაკლის მხარდაჭერა ცენტრალური ხელისუფლებისგან იქნება კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ჩემთვის, როგორც ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლისთვის. მე მას წარმატებას ვუსურვებ. ჩვენ ვიწყებთ საარჩევნო კამპანიას. ვიქნებით საქმეზე ორიენტირებული მთელი საარჩევნო კამპანიის განმავლობაში”, – განაცხადა რუსთავის მერმა მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის წარდგენისას.