ირაკლი კობახიძემ „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებს მიმართა - მორალური უფლება არ გაქვთ, ადამიანის სიცოცხლის უფლებებზე ისაუბროთ
ირაკლი კობახიძემ „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებს მიმართა - მორალური უფლება არ გაქვთ, ადამიანის სიცოცხლის უფლებებზე ისაუბროთ

ცხრა წლის განმავლობაში თქვენ გაქვთ ჩადენილი უამრავი დანაშაული და დღეს საუბრობთ სიცოცხლის უფლებაზე. შეგახსენებთ, რომ სწორედ თქვენ ჩაიდინეთ დანაშაულები, რომლებმაც ასეულობით ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. თქვენ საერთოდ მორალური უფლება არ გაქვთ, რომ ადამიანის სიცოცხლის უფლებებზე ისაუბროთ, – ასე მიმართა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

ირაკლი კობახიძის თქმით, რადიკალური ოპოზიცია მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობით სპეკულაციების მოწყობას ცდილობს.

„მოვისმინეთ რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლების სპეკულაციური განცხადებები მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით. ამ განცხადებებს საერთოდ არ გავცემდით პასუხს, რომ არ გაგვხსენებოდა, რა დანაშაულები აქვთ ამ ადამიანებს ჩადენილი მიხეილ სააკაშვილის ხელმძღვანელობით. ცხრა წლის განმავლობაში უამრავი დანაშაული გაქვთ ჩადენილი. დღეს რომ სიცოცხლის უფლებაზე საუბრობთ, შეგახსენებთ, სწორედ თქვენ ჩაიდინეთ დანაშაულები, რომლებმაც ასეულობით ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია და, საერთოდ, მორალური უფლება არ გაქვთ, ადამიანის სიცოცხლის უფლებებზე ისაუბროთ.

საპატიმრო დაწესებულებებში პატიმრებს სიკვდილიანობა 12-ჯერ შემცირდა ერთი მარტივი მიზეზით — შეწყდა პატიმრების მკვლელობა, წამება, გაუპატიურება. ამას ჰქონდა ერთადერთი მიზეზი და ეს ადამიანები გვესაუბრებიან სპეკულაციურად და ცდილობენ დანამუსებას ისეთ თემაზე, სადაც დანამუსება რელევანტური არ არის. მკვლელობა, წამება, გაუპატიურება, არაადამიანური მოპყრობა იყო თქვენ მიერ ჩადენილი დანაშაულები და ამ სისტემას სწორედ მიხეილ სააკაშვილი ხელმძღვანელობდა“, – განაცხადა კობახიძემ.

მისივე თქმით, დღეს მიხეილ სააკაშვილი სხვა პატიმრებთან შედარებით პრივილეგირებულ მდგომარეობაშია.

„რაც შეეხება დღევანდელ პირობებს — დღეს არათუ არასათანადო პირობები არ არის შექმნილი, მათ შორის პატიმარ სააკაშვილისთვის, არამედ ის, პრაქტიკულად, პრივილეგირებულ მდგომარეობაშია, სხვა პატიმრებისგან განსხვავებით, რომელთაც შეიძლება ჯანმრთელობის კუთხით უფრო მძიმე მდგომარეობა ჰქონდეთ. სააკაშვილი არის არა სასჯელაღსრულების, არამედ სამედიცინო დაწესებულებაში. ეს აჩვენებს დამოკიდებულებას და მიდგომას, რა იყო, სად ვიყავით და სად ვართ დღეს.

ასევე იყო ბიზნესის რეკეტი, რამაც ასევე უამრავი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. ჩვენი ტერიტორიების 20% ჩააბარეთ — ასეულობით ადამიანი დაიღუპა 2008 წელს თქვენი დანაშაულებრივი ქმედებების შედეგად და ახლა გვესაუბრებით ადამიანის სიცოცხლის უფლებაზე. ეს არის ცარიელი სპეკულაცია და ამ სპეკულაციებს ვერ გავატარებთ“, – განაცხადა კობახიძემ.

მისივე თქმით, ვერცერთი ვერ საუბრობს სააკაშვილის დიაგნოზზე და ვერაფერს ამბობენ, ემორჩილება თუ არა მიხეილ სააკაშვილი ექიმების დანიშნულებას, ასეთ პირობებში ყველაფერი ცარიელი სპეკულაციაა.

„შეგახსენებთ, მიხეილ სააკაშვილის ერთ-ერთ მეგობარს, იულია ტიმოშენკოს, რომელიც ციხიდან ეტლით გამოვიდა. მანამდე იყო უამრავი სიმულაცია. ეს იყო მისი პირველი და უკანასკნელი გამოჩენა ეტლით. მეორე დღეს წამოხტა ეტლიდან, რატომ? იმიტომ, რომ სიმულაცია იყო. ხომ არ გვაქვს ასეთივე სიმულაციასთან საქმე ამ შემთხვევაშიც? ამ კითხვებზე პასუხია გასაცემი, პირველ რიგში, დიაგნოზით.

ვერ არიეთ ეს ქვეყანა, დააანონსეთ ცხელი შემოდგომა, არაფერი სიცხელის არ ეტყობოდა ამ შემოდგომას და ისევ მიუბრუნდით თქვენს ბოლო იმედს, ეს არის მიხეილ სააკაშვილი და მისი გათავისუფლება. ერთადერთი, რისთვისაც გინდათ მიხეილ სააკაშვილი თავისუფლებაზე — ეს არის თქვენი ბოლო იმედი — რომ არიოთ ვითარება ჩვენს ქვეყანაში. სწორედ ამიტომ ჩამოიყვანეს ვიღაცებმა მიხეილ სააკაშვილი საქართველოში. ერთადერთი მიზანი იყო საქართველოში ვითარების არევა და მეორე ფრონტი იყო ამის საბოლოო მიზანი, რაზეც ხატია დეკანოიძე ძალიან ღია ტექსტით გვესაუბრებოდა. მაშინ ვერ გააკეთეთ ეს ყველაფერი, ვერ მიაღიწეთ ამას და ახლა გინდათ, ხელახლა სცადოთ იგივე, მიხეილ სააკაშვილის მეშვეობით კიდევ ერთხელ ქვეყნის არევა. ამის საშუალებას არ მოგცემთ.

რაც შეეხება პატიმრის გათავისუფლებას, ეს ხდება კანონით დადგენილი წესით და ამისთვის პასუხისმგებელი არიან შესაბამისი უწყებები, მაგრამ თქვენ პოლიტიკურად ითხოვთ ამას, რისი კანონიერი უფლებაც არ გაქვთ. ეს არის ბოლო მცდელობა მიხეილ სააკაშვილის საშუალებით არიოთ ქვეყანა. ამის საშუალებას არ მოგცემთ — ეს არის მარტივი პოლიტიკური პასუხი თქვენ მიერ განხორციელებულ სპეკულაციებზე“, – განაცხადა კობახიძემ.