ირაკლი კობახიძემ ნიკა მელიას მიმართა, არა მხოლოდ „ნაციონალური მოძრაობის“, არამედ საკუთარი ცოდვებიც გაიხსენოს
კრიმინალი თქვენკენ მოიკითხეთ და საკუთარი პირადი ცოდვებიც, – ასე მიმართა საქართველოს პარლამენტის ბიუროს სხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთ წევრს ნიკა მელიას.
„მართვის სადავეები ხელთ კრიმინალებმა იგდეს, ქვეყანა პროგრესისკენ უნდა წასულიყო, მაგრამ ჩვეულებრივი ბანდიტების ხელში ხართ, ბანდიტების ხელში“, – განაცხადა ნიკა მელიამ ბიუროს დღევანდელ სხდომაზე.
ირაკლი კობახიძემ კი, ნიკა მელიას მიმართა, რომ არა მხოლოდ „ნაციონალური მოძრაობის“, არამედ საკუთარი ცოდვებიც გაეხსენებინა.
„ბანდიტები თქვენკენ მოიკითხეთ, სასახლეებიც თქვენკენ მოიკითხეთ და კრიმინალიც თქვენკენ მოიკითხეთ. რაც შეეხება კრიმინალებს, კრიმინალები თქვენკენ მოიკითხეთ და საკუთარი პირადი ცოდვებიც მოიკითხეთ ბატონო ნიკა, გარდა გუნდის ცოდვებისა. ზოგადად „ნაცმოძრაობის“ წარმომადგენელი რომ საუბრობს მაღალ მატერიებზე ჩვენს ქვეყანაში, ეს არის უბედურება და ეს უბედურება დასრულდება ძალიან მალე. „ნაცმოძრაობა“, რომელიც გამოირჩეოდა გაუპატიურებით, ადამიანის ღირსების შელახვით, ბიზნესის რეკეტით, ათასი უბედურებით. ეს ადამიანები ახლა ლაპარაკობენ რაღაცა სპექტაკლებით გამოგონილ თემებზე. ერთი სპექტაკლი დაიწყეთ და ჩაგივარდათ, დაიწყეთ მეორე სპექტაკლი და ისევ ჩაგივარდებათ, როგორც მეორე“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.