ირაკლი კობახიძემ მართლმსაჯულების რეფორმის მეოთხე ტალღის პროცესის დაგეგმვასთან დაკავშირებით შეხვედრა გამართა
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლებისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს შეხვდა.
შეხვედრაზე მართლმსაჯულების რეფორმის მეოთხე ტალღასთან დაკავშირებით, სამუშაო პროცესი დაიგეგმა. როგორც იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, განისაზღვრა ოთხი ძირითადი თემა, რომელზეც აქტიური მუშაობა წარიმართება.
„შეხვედრაზე შევთანხმდით, თუ რა ფორმატით, შემადგენლობითა და ინტენსივობით ვიმუშავებთ. შედგა შეთანხმება იმასთან დაკავშირებით, რომ ჩვენ ვიმუშავებთ სასამართლოს თემებთან დაკავშირებით ინტენსიურად. განსაზღვრულია ის ოთხი ძირითადი თემა, რომელიც უკავშირდება სასამართლოს გადატვირთულობას, დისციპლინურ წარმოებას, იუსტიციის უმაღლესი სკოლის რეფორმას და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს შემდგომ რეფორმირებას. ეს არის ოთხი ძირითადი თემა, რაზეც ჩვენ ვიმუშავებთ“,- განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.