ირაკლი კობახიძემ აზიის განვითარების ბანკის 57-ე წლიური შეხვედრის სტუმრებს ოფიციალურ მიღებაზე უმასპინძლა
ირაკლი კობახიძემ აზიის განვითარების ბანკის 57-ე წლიური შეხვედრის სტუმრებს ოფიციალურ მიღებაზე უმასპინძლა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ აზიის განვითარების ბანკის (ADB) პრეზიდენტს, მასაცუგუ ასაკავას და ADB-ს 57-ე წლიური შეხვედრის დელეგატებს ოფიციალურ მიღებაზე უმასპინძლა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, მთავრობის მეთაურმა პრეზიდენტ ასაკავას და აზიის განვითარების ბანკის გუნდს ნდობისთვის მადლობა გადაუხადა და ხაზი გაუსვა ღონისძიების საქართველოში ჩატარების განსაკუთრებულ მნიშვნელობას.

„ჩვენთვის დიდი პატივია აზიის განვითარების ბანკის წლიური შეხვედრის და ასეთი საპატიო სტუმრების მასპინძლობა საქართველოში, თბილისში. სტუმარმასპინძლობა ქართული ხასიათის მთავარი მახასიათებელია და ქართველები ხშირად ვამბობთ, რომ სტუმარი ღვთისაა. ამიტომ ვფიქრობთ, რომ თქვენ მრავალ წარმატებას მოუტანთ ჩვენ ქვეყანას.

ბედნიერი ვართ ჩვენი მეგობრობითა და თანამშრომლობით, რომელსაც ძალიან ძლიერი საფუძველი აქვს. ვიმედოვნებ, საქართველოში სასიამოვნო დროს გაატარებთ. მადლობას ვუხდი აზიის განვითარების ბანკის წლიური შეხვედრის ორგანიზატორებს და ამ პროცესში ჩართულ ყველა ადამიანს“, – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

აზიის განვითარების ბანკსა და საქართველოს შორის არსებულ ნაყოფიერ თანამშომლობას გაუსვა ხაზი ADB-ს პრეზიდენტმა. მასაცუგუ ასაკავამ პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს ღონისძიების მასპინძლობისთვის მადლობა გადაუხადა.

„საქართველო პირველად მასპინძლობს აზიის განვითარების ბანკის წლიურ შეხვედრას და დიდ მადლობას გიხდით მხარდაჭერისთვის და ამ სასიამოვნო საღამოსთვის.

ევროპისა და აზიის გზაჯვარედინზე მდებარე საქართველო წარმოადგენს ხიდს კონტინენტებს შორის, საქონლის, მომსახურებისა და ინფორმაციის გასაცვლელად.

ეს წლიური შეხვედრა მნიშვნელოვან შესაძლებლობებს ქმნის ქვეყნის საუკეთესო რესურსების წარმოსაჩენად და შესათავაზებლად. ეს არის დინამიკური  ეკონომიკა, მდიდარი ისტორია, გასაოცარი ბუნება, თბილი და კეთილგანწყობილი ხალხი“, – განაცხადა ADB-ის პრეზიდენტმა.

აზიის განვითარების ბანკის 57-ე ყოველწლიურ შეხვედრაში, რომელსაც თბილისი 2-5 მაისს მასპინძლობს, 68 ქვეყნის 4 000-მდე სტუმარი მონაწილეობს.