ირაკლი კობახიძემ ავსტრიის ეროვნული საბჭოს მეორე პრეზიდენტს ღირსების ორდენი გადასცა
ირაკლი კობახიძემ ავსტრიის ეროვნული საბჭოს მეორე პრეზიდენტს ღირსების ორდენი გადასცა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ავსტრიის რესპუბლიკის ეროვნული საბჭოს საქართველოს პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის წევრს, ეროვნული საბჭოს მეორე პრეზიდენტ კარლჰაინც კოპფს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის განმტკიცებასა და საპარლამენტთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავებაში შეტანილი წვლილისთვის ღირსების ორდენი გადასცა.

ირაკლი კობახიძე ავსტრიის რესპუბლიკაში იმყოფება. ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ავსტრიის ეროვნული საბჭოს საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის, ევროკავშირთან ურთიერთობის ქვეკომიტეტისა და საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფის წევრებს შეხვდა.

შეხვედრაზე ორმხრივი და მრავალმხრივი ურთიერთობები განიხილეს და საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის პროცესზე ისაუბრეს.

ეროვნული საბჭოს წევრებმა ხაზგასმით აღნიშნეს, რომ ავსტრია საქართველოს დასავლური მისწრაფებების, ასევე ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდამჭერია.

საუბარი შეეხო საქართველოში მიმდინარე დემოკრატიულ რეფორმებს, ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ ვითარებას და რეგიონში არსებულ გამოწვევებს.

ყურადღება გამახვილდა ინტენსიური საპარლამენტთაშორისო თანამშრომლობისა და ხშირი გაცვლითი ვიზიტების მნიშვნელობაზე.