საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ამერიკის შეერთებულ შტატებში სამუშაო ვიზიტს განაგრძობს. ირაკლი კობახიძემ მორიგი შეხვედრა სენატორ ჯიმ რიშთან გამართა. მხარეებმა ქვეყნებს შორის სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ ისაუბრეს და ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატში თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობები განიხილეს.
ორ ქვეყანას შორის სტრატეგიულ პარტნიორულ თანამშრომლობაზე გაკეთდა აქცენტი სენატორ ლინდსი გრემთან გამართულ შეხვედრაზეც, სადაც საქართველოს საშინაო და საგარეო პოლიტიკურ პრიორიტეტებსა და ქვეყანაში მიმდინარე დემოკრატიულ რეფორმებზე ისაუბრეს. მხარეებმა განიხილეს საკანონმდებლო ორგანოებს შორის თანამშრომლობის გაღრმავების საკითხიც.
მანამდე კი ირაკლი კობახიძემ შეხვედრები გამართა კონგრესში და სიტყვით გამოვიდა კონგრესმენ დევიდ პრაისის სახელით გამართულ მიღებაზე, სადაც ირაკლი კობახიძემ საქართველოში მიმდინარე რეფორმებსა და დემოკრატიულ პროცესებზე გაამახვილა ყურადღება და ამერიკის შეერთებულ შტატებს და კონგრესმენებს საქართველოს მხარდაჭერისა და დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა.
„აშშ ერთი მხრივ, უახლოესი სტრატეგიული პარტნიორია, მეორე მხრივ კი საქართველოს ძალიან კარგი მეგობარი. საქართველო დემოკრატიის მშენებლობისას შთაგონებას იღებს ამერიკის შეერთებული შტატებისგან. მადლიერნი ვართ ამერიკის ჩვენი სახელმწიფოებრიობისა და სუვერენიტეტის განმტკიცების მხარდაჭერისთვის. მადლიერნი ვართ ძლიერი მხარდამჭერი გზავნილებისთვის, რომლებიც გაჟღერდა გასულ წელს ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობისა და კონგრესის მიერ.
გვჯერა, რომ გვაქვს საერთო ღირებულებები და სწორედ ეს ხდის ჩვენს თანამშრომლობას ძლიერს. ეს ღირებულებებია ეროვნული თავისუფლება, დამოუკიდებლობა, თავისუფალი ვაჭრობა, ლიბერალური ეკონომიკა და განსაკუთრებით დემოკრატიული და ლიბერალური ღირებულებები. ამ ღირებულებებზეა დაფუძნებული აშშ-სთან ჩვენი ურთიერთობები“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.