ირაკლი კობახიძემ 9 აპრილის ტრაგედიისას დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ პარლამენტთან 9 აპრილის ტრაგედიისას დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო და მემორიალი ყვავილებით შეამკო.
ადგილზე პრემიერ-მინისტრთან ერთად იმყოფებოდნენ თბილისის მერი კახა კალაძე, „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე და საპარლამენტო უმრავლესობის წევრები.
ამასთან, მემორიალთან დაღუპულთა სულების მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადეს. პანაშვიდი საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) გადაიხადა.
9 აპრილის ტრაგედიიდან 35 წელი გავიდა. 1989 წლის 9 აპრილს, გამთენიისას საბჭოთა კავშირის შეიარაღებული ძალების ნაწილებმა თბილისის ცენტრში, პარლამენტის შენობასთან მშვიდობიანი საპროტესტო აქცია დაარბიეს, რასაც ადამიანთა მსხვერპლი მოჰყვა. დარბევის შედეგად 21 ადამიანი დაიღუპა, ხოლო ასობით მოქალაქე დაუდგენელი შემადგენლობის გაზით მოიწამლა. მოგვიანებით, 1991 წლის 9 აპრილს კი უზენაესმა საბჭომ საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა გამოაცხადა.