ირაკლი კობახიძე - ზურაბიშვილს გვარამიასთვისაც კი არ უწოდებია პატარა კაცი, როცა რეზიდენტად მოიხსენიებდა, პატარა კაცები უწოდა ადამიანებს, რომლებიც ბილბორდებზე ჩაენაცვლნენ, რადგან არავის უნდოდა პრეზიდენტად
სალომე ზურაბიშვილმა ხალხის მიერ არჩეული დეპუტატების მიმართ გამოიყენა სიტყვები – პატარა კაცები. პატარა კაცი თავის დროზე გვარამიასთვისაც კი არ უწოდებია, როდესაც მას რეზიდენტად მოიხსენიებდა, მეტიც, ეს მართლაც პატარა კაცი შემდეგ შეიწყალა, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ პარლამენტში პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
კობახიძის თქმით, სალომე ზურაბიშვილი დღეს კოლექტიურ ნაცმოძრაობაშია.
„სალომე ზურაბიშვილი სულ უფრო ხშირად არღვევს ეთიკის წესებს და სამწუხაროდ, აკეთებს განცხადებებს, რომლებიც ზრდილობას გაცდენილია. რამდენიმე დღის წინ ხალხის მიერ არჩეული დეპუტატების მიმართ, სალომე ზურაბიშვილმა გამოიყენა სიტყვები – პატარა კაცები. მინდა, შეგახსენოთ, რომ ამ ქალბატონს პატარა კაცი თავის დროზე გვარამიასთვისაც კი არ უწოდებია, როდესაც ის მას რეზიდენტად მოიხსენიებდა. არცერთხელ უწოდებია. მეტიც – ეს კაცი შემდეგ შეიწყალა, ეს მართლა პატარა კაცი ამ ქალბატონმა შეიწყალა. ის პატარა კაცი, რომელიც თავის დროზე სალომე ზურაბიშვილს უწოდებდა რეზიდენტს და დანარჩენს აღარ გავიმეორებ.
აქ ჩანს, რეალურად რაშიც არის საქმე, სად არის ეს ადამიანი პოლიტიკურად. იქ რომ არ უნდა იყო, სადაც არ შეიძლება ქართველის ყოფნა, ღირსეული ქართველის ყოფნა, კოლექტიურ ნაცმოძრაობაში, იქ არის ზუსტად სალომე ზურაბიშვილი და ეს არის ამ არათანმიმდევრულობის მიზეზი. შეგახსენებთ, თქვენ პატარა კაცები უწოდეთ იმ ადამიანებს, რომლებმაც თქვენი პრეზიდენტობა უზრუნველყვეს, ჩაგენაცვლნენ ბილბორდებზე ადამიანები, რადგან არავის უნდოდით პრეზიდენტად, არც პირველ, არც მეორე ტურში. ყველაფერი გავაკეთეთ, რომ გამხდარიყავით პრეზიდენტი, პატივი ვეცით თქვენი წინაპრების წარსულს, სხვადასხვა გარემოებას და დღეს სადაც ხართ, კი ვხედავთ.
ხალხმა თქვენ აგირჩიათ სხვადასხვა მიზეზის გამო, ერთი-ერთი მიზეზი იყო, რომ არ უნდოდათ „ნაციონალი“ პრეზიდენტი, თორემ პიროვნულად შეიძლება, არც არაფერს ერჩოდნენ გრიგოლ ვაშაძეს, ნინო ანანიაშვილის ქმარი მაინც არის. დღეს თქვენ ხართ „ნაცმოძრაობაში“. ხალხმა აგირჩიათ მეორე ტურში, რადგან ეშინოდათ „ნაციონალების“, კრიმინალების შეწყალების. თქვენ შეიწყალეთ კრიმინალი, „ნაციონალი“ ცოტა ხნის წინ. რისთვისაც აგირჩიათ ხალხმა, სწორედ იმას უღალატეთ, ეს არის კიდევ ერთი მიზეზი, რატომაც არ შეიძლება, დარჩეთ პრეზიდენტის თანამდებობაზე“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.
საქართველოს პარლამენტში პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხის განხილვა მიმდინარეობს. სხდომას ესწრება საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი.