ირაკლი კობახიძე - ზუგდიდის, მარნეულის, ჭიათურის ოლქებში ჩვენი კანდიდატები დიდი უპირატესობით იგებენ, მთაწმინდაზე არის მეორე ტურის ალბათობა
პარტია „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი, ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ მართველი გუნდის მონაცემებით, სამ საარჩევნო ოლქში მერის არჩევნებს „ქართული ოცნების“ კანდიდატები დამაჯერებლად იგებენ.
მისივე თქმით, მთაწმინდის შუალედურ მაჟორიტარულ არჩევნებში არსებობს მეორე ტურის ალბათობა.
„შემოსულია პირველადი, ოქმის მონაცემები ანუ საუბარია უკვე ოფიციალურ მონაცემებზე, იმ დათვლაზე, რომელიც წარმოებს საარჩევნო უბნებზე. წინასწარი მონაცემების განზოგადება უკვე არის შესაძლებელი ოლქების უმეტესობაში და ამ ეტაპზე შეიძლება, ითქვას, რომ დიდი უპირატესობით პირველივე ტურში იგებენ ჩვენი კანდიდატები არჩევნებს ზუგდიდის, მარნეულის, ჭიათურის ოლქებში. რაც შეეხება მთაწმინდის საარჩევნო ოლქს, აქაც დიდი უპირატესობით იგებს „ქართული ოცნების“ კანდიდატი ლადო კახაძე, თუმცა არის მეორე ტურის ალბათობა შალვა შავგულიძესთან. ეს არის არსებული მონაცემები“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
რაც შეეხება ზესტაფონს, ირაკლი კობახიძის თქმით, ჯერჯერობით არ არის იმ რაოდენობის უბნების მონაცემები, რომ შესაძლებელი იყოს განზოგადება.
„რაც შეეხება მცირე ოლქებს, სადაც საკრებულოს წევრთა არჩევნები ტარდება, შეგახსენებთ, ეს არის ოზურგეთი, ტყიბული, ჭიათურა, წყალტუბო, ადიგენი, საგარეჯო, ზესტაფონი, ახმეტა, პანკისის ხეობაშიც ტარდება არჩევნები. ყველა ამ უბანში დამაჯერებლად იმარჯვებენ „ქართული ოცნების“ კანდიდატები. მთლიანობაში „ქართული ოცნების“ გამარჯვება შთამბეჭდავია. ძალიან მაღალი შედეგებით დასრულდება არჩევნები. შეგახსენებთ, რომ ამ არჩევნების მასშტაბი იყო ძალიან დიდი, ამომრჩევლის 12 პროცენტი იღებდა მონაწილეობას ამ არჩევნებში და ზოგადად გვაძლევს იმის საშუალებას, რომ „ქართული ოცნების“ რეიტინგი შევაფასოთ“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.
მისივე თქმით, შედეგი არის შთამბეჭდავი და შეიძლება ითქვას, რომ 60 პროცენტამდე შედეგს მიიღებს „ქართული ოცნება“ მთლიანობაში.
„პირველ რიგში, მინდა, მადლობა გადავუხადო ამომრჩეველს აქტიურობისათვის. იყო ძალიან აქტიური არჩევნები, ძალიან მაღალი პასუხისმგებლობა გამოავლინეს ჩვენმა მოქალაქეებმა კიდევ ერთხელ. რა თქმა უნდა, განსაკუთრებული მადლობა მინდა, გადავუხადო ამომრჩევლებს, რომლებმაც მხარი დაუჭირეს ჩვენს კანდიდატებს საქართველოში.
საქართველოში გრძელდება დემოკრატიული არჩევნების ტრადიცია. მიუხედავად იმისა, რომ იყო გარკვეული ექსცესები, გარკვეული პროვოკაციები, მცდელობა, ხელოვნურად შეტანილი იყო არეულობა საარჩევნო პროცესში. ჩვენ შევძელით, ეს არჩევნები ჩაგვეტარებინა სათანადო გარემოში. რაც მთავარია, სამართლიანი არჩევნები ჩაგვეტარებინა და ამის შედეგია „ქართული ოცნების“ შთამბეჭდავი გამარჯვება ამ არჩევნებში“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მისივე თქმით, დაზუსტებულ მონაცემებს მმართველი გუნდი მოგვიანებით წარმოადგენს.