ირაკლი კობახიძე - ზაზა ოქუაშვილს სურს, დავალიანება არ გადაიხადოს, ამისთვის უკადრებელს კადრულობს
ზაზა ოქუაშვილს აქვს სურვილი, 50-მილიონიანი დავალიანება ხალხს, ბიუჯეტს არ გადაუხადოს, ამისთვის უკადრებელს კადრულობს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ პარლამენტის ბიუროს სხდომაზე ოპოზიციის წარმომადგენლებს განუცხადა.
„ზაზა ოქუაშვილი არის ბიზნესმენი, რომელსაც „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ბიზნესი და მედია წაართვა. პირველი ტელევიზია, ვიდრე კანონიერ მეპატრონეს „რუსთავი 2“-ს წაართმევდნენ, „იბერია“ იყო. ყველას კარგად გვახსოვს სურათი, როდესაც ამ ბიზნესის წარმომადგენლები მიწაზე იწვნენ, გახსოვთ რა მეთოდით. ეგ არის ჰოლოკოსტი, მეტი კი არაფერი. ადამიანის ღირსების შელახვით როცა ხდება ბიზნესის წართმევა, ტელევიზიის წართმევა. ეს მოხდა „ნაციონალური მოძრაობის“ დროს, ეს არის თქვენი ხელწერა“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, „ქვეყნიდან განდევნილი ბიზნესმენი საქართველოში „ქართული ოცნების“ დახმარებით დაბრუნდა, რომელსაც საკუთარი ბიზნესი და ტელევიზია სრულიად უანგაროდ დაუბრუნდა“.
„ზაზა ოქუაშვილი ამას ადასტურებს. „ქართულმა ოცნებამ“ დააბრუნა როგორც ტელევიზია, ასევე ბიზნესი, ეს არის „ქართული ოცნების“ ხელწერა. ანუ სამართლიანობის აღდგენა. წაართვით თქვენ სამართალი ადამიანს. დღეს რა ვითარება გვაქვს. ამ კაცმა დააგროვა 50 მილიონი დავალიანება. მას აქვს სურვილი, ეს დავალიანება ხალხს, ბიუჯეტს არ გადაუხადოს. ამისთვის კადრულობს სამწუხაროდ, უკადრებელს. ეს არის დღევანდელი მოცემულობა და წარმოიდგინეთ, ამაში მან ჩართო ის ადამიანი, რომელიც რეალურად იყო მისი მთავარი ჯალათი, სააკაშვილი, „ნაციონალური მოძრაობა“. დღეს „ნაცმოძრაობის“ ხელით ცდილობს, არ გადაიხადოს 50 მილიონი, რომელიც სახელმწიფო ბიუჯეტში აქვს გადასახდელი“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.