ირაკლი კობახიძე - ყველაზე ნაკლებად რაზეც შეიძლება ვდარდობდე, ეს არის შურისძიება გაკოტრებული ადამიანის მიმართ, გახარია იმალება, რადგან არა აქვს გამოსაჩენი პირი
ყველაზე ნაკლებად რაზეც შეიძლება ახლა ვდარდობდე, ეს არის შურისძიება გაკოტრებული ადამიანის მიმართ, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ გიორგი გახარიასთან დაკავშირებული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, საზოგადოებისთვის შეიძლება ძალიან საინტერესო დეტალები გახდეს მოგვიანებით ცნობილი.
კითხვაზე, დადგება თუ არა გიორგი გახარიას სამართლებრივი პასუხისმგებლობა და დაიწყება თუ არა გამოძიება გახარიას წინააღმდეგ, ირაკლი კობახიძემ აღნიშნა: „ამაზე მე ვერ ვისაუბრებ. ეს არ არის ჩემი პრეროგატივა და ჩემი კომპეტენცია.თუ რაიმე სამართლებრივად არის გასარკვევი, ბუნებრივია, შესაბამისი უწყებები მუშაობენ ასეთ საკითხებზე. ეს არ არის ჩემი კომპეტენცია“.
მისივე თქმით, ოთხ მუნიციპალიტეტში გახარიას პარტიასა და „ნაციონალურ მოძრაობას“ შორის ალიანსის შექმნით მათ გაამჟღავნეს ის ალიანსი, რომელიც მანამდე რეალურად არსებობდა.
კითხვაზე, თუ მანამდე „ქართული ოცნებისთვის“ გიორგი გახარია საამაყო მინისტრი იყო, და ახლა, როცა ოთხ მუნიციპალიტეტში მისი პარტიის წევრი გახდა თავმჯდომარე, ახლა გახდა ცუდი, კობახიძემ აღნიშნა: „ჩვენ არავის ვდევნით. ის თავად არის განდევნილი. მან თავად განდევნა საკუთარი თავი საჯარო სივრციდან და მგონი კარგი გააკეთა, რადგან ძალიან კარგად ხვდება, რომ მისი ადგილი საჯარო სივრცეში დღეს არ არის, ამიტომ იმალება ის მთელი თვეების განმავლობაში. ემალება საზოგადოებას, საკუთარი პარტიის წევრებს. ის ხვდება, რომ პირველ რიგში ვალები აქვს გასასტუმრებელი, ფინანსური ვალები. ვიდრე საჯარო აქტივობას გააგრძელებს“.
მისივე თქმით, გიორგი გახარია იმალება, რადგან არა აქვს გამოსაჩენი პირი, ის „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ღიად შეიკრა.
„გიორგი გახარიამ არჩევნებზე ვერ მიაღწია იმას, რისი მიღწევაც უნდოდა. სურდა, რომ 43% ჩვენ ვერ აგვეღო. ის არის წარუმატებელი. არის დამარცხებული. არის ალიანსში ნაცმოძრაობასთან. შესაბამისად, არავისთან არ აქვს გამოსაჩენი პირი. ყველაზე ნაკლებად რაზეც შეიძლება ახლა ვდარდობდე, ეს არის შურისძიება გაკოტრებული ადამიანის მიმართ. საზოგადოებისთვის შეიძლება ძალიან საინტერესო დეტალები გახდეს მოგვიანებით ცნობილი და როცა დადგება ამის დრო, ამას გავაკეთებთ. დანარჩენი მე არა მაქვს კომპეტენცია სხვა საკითხზე ვისაუბრო“, – განაცხადა კობახიძემ.