ირაკლი კობახიძე - ყველასგან სამართლიანობას ვითხოვთ, მათ შორის კონკრეტული ევროპელი პოლიტიკოსებისგან, რომლებიც კეზერაშვილს დევნილ მედიამფლობელად მოიხსენიებდნენ
ყველასგან ვითხოვთ სამართლიანობას, მათ შორის კონკრეტული ევროპელი პოლიტიკოსებისგან, რომლებიც კეზერაშვილს დევნილ მედიამფლობელად მოიხსენიებდნენ. ეს არის ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელი, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, ყველამ იცის, ვინ არის კეზერაშვილი, როგორ და რის ხარჯზე აქვს ნაშოვნი ფული.
„ეს არის სისხლიანი ფული, რომელიც მას ნაშოვნი აქვს ბიზნესის რეკეტის ხარჯზე, ჯარის გაძარცვის ხარჯზე და ახლა უკვე ევროპელი პენსიონრების გაძარცვის ხარჯზე. რა თქმა უნდა, ასეთი ადამიანების მიმართ ევროპელი პოლიტიკოსების მხარდაჭერა ჩვენთვის არის კატეგორიულად მიუღებელი და ასეთ აქტებზე ჩვენ ყოველთვის ძალიან მკაცრი რეაქცია გვექნება. რაც შეეხება იმ ადამიანებს, ვინც სხვადასხვა ფორმით ფულს იღებენ კეზერაშვილისგან, იქნება ეს ხელფასის თუ ნებისმიერი სხვა ფორმით, რა თქმა უნდა, ჩვენთვის ეს არის მორალთან პირდაპირ დაკავშირებული. ეს ყველაფერი ნიშნავს ერთგვარ კომპრომისს მორალთან, რაც ჩვენთვის, ბუნებრივია, მიუღებელია და ყველას გვინდა, ეს შევახსენოთ.
კეზერაშვილმა თავადვე არაერთგზის აღიარა, რომ ის აფინანსებს რადიკალურ ოპოზიციას. ეს არის თვითონ „ნაცმოძრაობა“, მასთან დაკავშირებული პოლიტიკური პარტიები. აქ ჰქონდათ აღიარებითი ჩვენებები „გირჩს“ და სხვა დაკავშირებულ პოლიტიკურ პარტიებს. ისინი არიან ყველა ერთად კოლექტიური „ნაცმოძრაობა“. ის აფინანსებს კოლექტიურ „ნაცმოძრაობას“, იმავე რადიკალურ ოპოზიციას. გარდა ამისა, მან ისაუბრა მედიასაშუალებების დაფინანსებაზე. ყველამ იცის, რომ ის აფინანსებს „ფორმულას“, ასევე ბოლო დროს აფინანსებს „მთავარ არხს“ და ამასთან დაკავშირებითაც ცნობილია ინფორმაციაც. ის საუბრობს ე.წ. სამოქალაქო საზოგადოების დაფინანსებაზე. აქაც ყველამ ვიცით, ვინ არიან ეს ორგანიზაციები, რომელთა მიმართულებითაც მიედინება კეზერაშვილის სისხლიანი, კორუმპირებული ფული. ეს იყო მისი აღიარებითი ჩვენება და საზოგადოებამ აქედან უნდა გამოიტანოს დასკვნები. ერთი პლიუსი აქვს ამ ყველაფერს, მის მიერ საქართველოდან მოპარული ფული გარკვეული ფორმით ბრუნდება საქართველოში, თუმცა, დანარჩენს რაც შეეხება, რა თქმა უნდა, საზოგადოებისთვის აბსოლუტურად მიუღებელი უნდა იყოს კეზერაშვილის მხრიდან საკუთარი კორუფციით ნაშოვნი ფულის ჩადება, ინვესტირება ქართულ პოლიტიკაში ამა თუ იმ ფორმით.