ირაკლი კობახიძე - ყველას ვურჩევ, სპეკულაციების ნაცვლად, 31 ოქტომბრის არჩევნებისთვის მოემზადონ
არჩევნები ჩატარდება 31 ოქტომბერს და ყველას ვურჩევ, სპეკულაციების ნაცვლად, არჩევნებისთვის მოემზადონ, – ასე უპასუხა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტების კითხვას, არსებობს თუ არა არჩევნების გადადების საშიშროება.
კობახიძის განცხადებით, სპეკულაციაა, რომ თითქოს „ქართულ ოცნებას“ საპარლამენტო არჩევნების გადადება უნდა.
„რამდენიმე დღეა სპეკულაციები გვესმის იმისთან დაკავშირებით, რომ თითქოს, „ქართულ ოცნებას“ არჩევნების გადადება უნდა. ეს არის წმინდა წყლის სპეკულაცია. ამასთან დაკავშირებით განმარტება არაერთხელ გავაკეთეთ, თუმცა სპეკულაციები არ წყდება. კიდევ ერთხელ უნდა გავიმეოროთ, რომ არჩევნები ჩატარდება სათანადო დროს და ეს არის 31 ოქტომბერი, როგორც გათვალისწინებულია კონსტიტუციით. ახლა არც იმის ფუფუნება გვაქვს, რომ თუნდაც ეკონომიკური ლოქდაუნი გამოვაცხადოთ და ბუნებრივია, პოლიტიკური ლოქდაუნიც ვერ გამოცხადდება. შესაბამისად, არჩევნები ჩატარდება სათანადო დროს, ეს არის 31 ოქტომბერი და ყველას ვურჩევ, სპეკულაციების ნაცვლად, ამ არჩევნებისთვის მოემზადონ“, – განაცხადა კობახიძემ.