ირაკლი კობახიძე - ყველას მოვუწოდებ, თავი დაანებონ სტიქიით მანიპულირებას, ეს, უბრალოდ, არასწორია
ყველას მოვუწოდებ, რომ თავი დაანებონ სტიქიით მანიპულირებას, ეს, უბრალოდ, არასწორია და მართლა გამაოგნებელია, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ შოვში, სტიქიის ზონაში ყოფნისას განაცხადა.
როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, ძალიან მძიმე ვითარებაა, ადგილზე ჩანს მასშტაბი ამ სტიქიის.
„მაშველები მაქსიმუმს აკეთებენ. წარმოიდგინეთ, 3-4 მეტრი სიმაღლის მიწით არის დაფარული ძალიან დიდი ტერიტორია და, შესაბამისად, რთულია მუშაობა, ყველა შესაბამისი რესურსი არის ჩართული, როგორც ცოცხალი ძალა, პოლიციელიები, მაშველები, ჯარისკაცები, ასევე შესაბამის ტექნიკა, გამწმენდი ტექნიკა, ვერტმფრენებიც მუშაობენ, ყველა რესურსია ჩართული იმისთვის, რომ მაქსიმუმი გაკეთდეს. უზარმაზარი ტერიტორია მიწით არის დაფარული, სტიქიის მასშტაბი იყო დიდი და აქედან გამომდინარე, დადგა მძიმე შედეგი“, – განაცხადა კობახიძემ.
კითხვაზე, ვრცელდება ინფორმაცია, რომ სტიქიის პროგნოზირება შესაძლებელი იყო, კობახიძემ აღნიშნა, რომ უამრავი სპეკულაციური განცხადება კეთდება.
„არსებობს თემები, რასთან დაკავშირებითაც არ შეიძლება, სცადო პოლიტიკური ქულების დაწერა ან, ზოგადად, სპეკულირება, უბრალოდ, წარმოუდგენელია ეს ყველაფერი. დღეს ნიკა გვარამიამ გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, თითქოს კოტეჯებზე ნებართვები გასცა ჩვენმა ხელისუფლებამ, მაშინ როდესაც 70-იანი წლებიდან დგას ეს კოტეჯები იქ, ასეთ ტყუილს რომ კადრულობ იმისთვის, რომ პოლიტიკური ქულები დაიწერო, სირცხვილია. მეორე ტყუილი, რომელსაც არ შემიძლია, არ გამოვეხმაურო, გელა მთვილიშვილი, არ ვიცი, რომელი მედიასაშუალებაა, ავრცელებს ფოტოს, სადაც არის ერთ-ერთი ადამიანი, რომელსაც ჰყავს შვილი დაკარგული და იქვე მიწერილი აქვს, რომ ეს კაცი არის უყურადღებოდ და არავინ მას არ ელაპარაკებოდა იმ დროს, როდესაც ხელისუფლების წარმომადგენლები თათბირობდნენ. ზუსტად ამ ფოტოს გადაღებამდე ორი წუთით ადრე ამ კაცს ელაპარაკებოდა შალვა პაპუაშვილი 15 წუთის განმავლობაში, დაინახა, მაინც გააკეთა, ეს ნიშნავს, რომ, უბრალოდ, კაცი არ არის. სტიქიაა, ადამიანები დაიღუპნენ და ამ დროს ცდილობ, რომ შენს პარტიას პოლიტიკური ქულები დაუწერო, უბრალოდ, სირცხვილია ეს ყველაფერი. ამაზე არ მინდა საერთოდ საუბარი, დეტალებში შესვლა, მაგრამ კიდევ ერთხელ ყველას მოვუწოდებ, რომ თავი დაანებონ სტიქიით მანიპულირებას, ეს, უბრალოდ, არასწორია და მართლა გამაოგნებელია. არსებობს შესაბამისი სტრუქტურები, უწყებები, არსებობს შესაბამისი ინფორმაცია, ყველაფერი დაიდება ხელისგულზე და ამის შემდეგ შეგიძლიათ, იმსჯელოთ, რა არის სიმართლე“, – განაცხადა კობახიძემ.