ირაკლი კობახიძე - ყველას გვახსოვს წინა ხელისუფლების მთავარი დანაშაული - 2008 წლის ღალატი, შეგნებულად მოშლილი საზოგადოების სტრუქტურა, შეჩერებული წინსვლა დასავლურ სტრუქტურებში, ეს ავტორიტარიზმი დაასრულა ბიძინა ივანიშვილმა
ყველას გვახსოვს, რა ვითარება იყო საქართველოში 2012 წლამდე, ყველას გვახსოვს მაშინდელი ხელისუფლების მთავარი დანაშაული, 2008 წლის ღალატი, რუსეთისთვის ჩაბარებული აფხაზეთი და სამაჩაბლო და მაშინდელი რეჟიმის მიერ მოღალატეობრივად ხელმოწერილი ევროსაბჭოს რეზოლუცია, სადაც ჩაიწერა, რომ 2008 წელს ფართომასშტაბიანი სამხედრო მოქმედებები ქართულმა მხარემ დაიწყო, – ამის შესახებ პრემიერმინისტრობის კანდიდატმა, ირაკლი კობახიძემ პარლამენტში განაცხადა.
კობახიძის თქმით, წინა ხელისუფლება საქართველოს წინააღმდეგ სისტემურ დანაშაულებს ჩადიოდა.
„ყველას გვახსოვს, რა ვითარება იყო საქართველოში 2012 წლამდე, ნულოვანი დემოკრატია, ფეხქვეშ გათელილი ადამიანის ღირსება და ძირითადი უფლებები, არჩევნების ტოტალური გაყალბება, „ელიტური“ კორუფცია, ბიზნესის სისტემური რეკეტი, რეპრესიული მანქანის ინსტრუმენტებად ქცეული სასამართლო, პროკურატურა და ძალოვანი სტრუქტურები, „ნულოვანი ტოლერანტობის“ პოლიტიკა, გადავსებული ციხეები და ქუჩაში დახვრეტილი ათეულობით ახალგაზრდა, ციხეებში თუ ციხეებს გარეთ ადამიანების წამებისა და არაადამიანური მოპყრობის სისტემური პრაქტიკა, მიტაცებული ტელევიზიები და მონოპოლიზებული მედია, რეჟიმის მიერ (მათივე ტერმინი რომ გამოვიყენოთ) „ჩარეცხილი“ ინტელიგენცია და შეგნებულად მოშლილი საზოგადოების სტრუქტურა, შეჩერებული წინსვლა დასავლურ სტრუქტურებში ინტეგრაციის მიმართულებით და ამ ყველაფერთან ერთად, ყველას გვახსოვს მაშინდელი ხელისუფლების მთავარი დანაშაული – 2008 წლის ღალატი, რუსეთისთვის ჩაბარებული აფხაზეთი და სამაჩაბლო და მაშინდელი რეჟიმის მიერ მოღალატეობრივად ხელმოწერილი ევროსაბჭოს რეზოლუცია, სადაც ჩაიწერა, რომ 2008 წელს ფართომასშტაბიანი სამხედრო მოქმედებები ქართულმა მხარემ დაიწყო. ეს ყველაფერი, სახელმწიფოს წინააღმდეგ ჩადენილი ეს სისტემური დანაშაული, ანტიევროპული სტილის ავტორიტარიზმი დაასრულა საქართველოში 2012 წელს ბიძინა ივანიშვილმა, რომელსაც ქართული საზოგადოება მანამდე ქართული კულტურისა და სულიერების ასაღორძინებლად, ჩვენი ეროვნული იდენტობის შესანარჩუნებლად განხორციელებული უპრეცედენტო ქველმოქმედებით იცნობდა“, – განაცხადა კობახიძემ.